სოფელ ალასტანში სოფლის ძველი საავადმყოფოს გარემონტება სურთ, რათა საბავშვო ბაღი გახსნან. ადგილობრივ ხელისუფლებას სხვა გეგმები აქვს და ახალი სტანდარტების მიხედვით გეგმავენ შენობის აშენებას, მაგრამ დაფინანსებას როდის მიიღებენ, ჯერჯერობით უცნობია.
გასული წლიდან საკრებულო და ახალქალაქის მერია სოფელ ზაქსა და ალასტანში ახალი საბავშვო ბაღების გახსნაზე მსჯელობს. ალასტანის საბავშვო ბაღში სხვა შორეული სოფლების, ვარევანისა და კოკიოს, ბავშვებიც ივლიან.
ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საბავშვო ბაღი ერთ-ერთი განხილვადი და მნიშვნელოვანი საკითხია.
„როდესაც საბავშვო ბაღის გასახსნელად ინფორმაციას ვაგროვებდით, რათა შესაბამისი ასაკის ბავშვები მოგვეძებნა, 3-დან 6 წლამდე 66 ბავშვი მხოლოდ ალასტანიდან იყო. ინფორმაციას დამოუკიდებლად ვაგროვებდით. მოსახლეობის გადინებამ და შობადობის დაბალმა მაჩვენებლებმა ბავშვების რაოდენობის შემცირებას ხელი შეუწყო. ახლა 3 სოფელში ერთად (ალასტანი, კოკიო, ვარევანი) დაახლოებით 50-55 ბავშვი იქნება“, – ამბობს ალასტანის თემის ყოფილი დეპუტატი სიმონ მანანიანი.
სოფელს თავდაპირველად ძველი საავადმყოფოს შენობის გარემონტება სურდა. ერთ ნაწილში ამბულატორიაა, დანარჩენი კი მიტოვებულია.
ახალქალაქის მერის მელქონ მაკარიანის თქმით, ახალი შენობის მშენებლობისთვის დაფინანსების დადასტურებას ელოდებიან.
„მუნიციპალური განვითარების ფონდმა გრაფიკი გვთხოვა და განრიგში სოფელ ალასტანის საბავშვო ბაღიც ჩავწერეთ. დაწესებულება კი 3 სოფლის – ვარევანს, ალასტანს და კოკიოს – ბავშვებისთვის იქნება გათვალისწინებული. საავადმყოფოს შენობა სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ფონდს კი თავისი სტანდარტები აქვს. ორ სოფელში, ზაქსა და ალასტანში, საბავშვო ბაღები არ არის. ორივე სოფელზე დავწერეთ, რომ თუ დაფინანსება იქნება, საბავშვო ბაღები აშენდეს”, – განმარტავს ახალქალაქის მერი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან საბავშვო ბაღებში სიარულის შესაძლებლობა მხოლოდ 17 სოფლის ბავშვებს აქვთ, საიდანაც 15 სრულფასოვანი, ხოლო 3 ალტერნატიული სკოლამდელი დაწესებულებაა (ბავშვები მთელ დღეს დაწესებულებაში არ ატარებენ და არც შესაბამისი კვება აქვთ).