რუსეთის ყოფილი აგენტები, რომლებიც FSB-მ (უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) გადაიბირა და მისთვის მუშაობდნენ, CNN-თან ინტერვიუში ჰყვებიან, რომ რუსეთის სპეცსამსახურმა ისინი გარკვეული პერიოდით საქართველოში მიავლინა სპეციალური მისიით. მასალას ავრცელებს netgazeti.ge.

25 წლის მიხაილ სოკოლოვი ახლა ამსტერდამშია და ნიდერლანდებში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. მან ამერიკულ ტელეარხ CNN-უამბო, 2016 წელს, როცა 19 წლის სტუდენტი იყო, როგორ გადაიბირა FSB-მ. სოკოლოვის თქმით, ის სტუდენტობისას სხვადასხვა სახის აქტივიზმში ჩაერთო, ძირითადად, ადგილობრივ დონეზე კორუფციის საკითხებით იყო დაინტერესებული, რამაც მისით სპეცსამსახურების დაინტერესება გამოიწვია.

როგორც სოკოლოვი ამბობს, ის სამხედრო კომისარიატში დაიბარეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად, სადაც მას FSB-ს ოფიცერი დახვდა და ორი არჩევანი შესთავაზა — ან ორწლიანი პატიმრობა, ან სპეცსამსახურთან თანამშრომლობა. სოკოლოვის თქმით, მას ციხეში წასვლა შეეშინდა იქ არსებული ძალადობრივი რეჟიმის გამო და აგენტობას დათანხმდა. მან რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ოფისში დაიწყო მუშაობა და იქიდან აწვდიდა ინფორმაციას FSB-ს. როგორც ის ამბობს, FSB-ში სჯერათ, რომ ამერიკული CIA (დაზვერვის ცენტრალური სააგენტო) ნავალნის საშუალებით ცდილობს რუსეთში ხელისუფლების გადატრიალებას და სოკოლოვის ფუნქციაც სწორედ CIA-სა და ნავალნის კავშირების დამადასტურებელი მტკიცებულებების პოვნა იყო, რაც მან ვერ შეძლო.

მიხაილ სოკოლოვი იხსენებს, რომ ნავალნის დაპატიმრების შემდეგ ის მიავლინეს საქართველოში, რათა ნდობა მოეპოვებინა მზარდ რუსულ დიასპორაში, იმ რუს ოპოზიციონერებში, რომლებიც რუსეთიდან რეპრესიების შიშით გაიქცნენ.

„მათ [FSB-ში] სჯერათ, რომ ქართული სპეცსამსახურები CIA-ის დავალებით იბირებენ რუს ოპოზიციონერებს“, — განუცხადა სოკოლოვმა CNN-ს. მან იქვე დასძინა, რომ აღნიშნულის მტკიცებულებას ვერ მიაგნო.

CNN ასევე ახსენებს FSB-ს კიდევ ერთ აგენტ ვსევოლდ ოსიპოვს, რომელიც რუსეთში ოპოზიციის დევნის დაწყების შემდეგ ასევე საქართველოში მიავლინეს აქ მყოფი ოპოზიციონერების სათვალთვალოდ.

ოსიპოვი ამბობს, რომ საქართველოში გამოშვებისას დაავალეს თბილისში მყოფი ორი ოპოზიციონერის, იაროსლავ კონვეისა (LPR) და ანტონ მიხალჩუკის (Free Russia Foundation) თვალთვალი. თუმცა, ოსიპოვის თქმით, ორივე მათგანი პირადად ნახა და გააფრთხილა.