2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ რუსეთთან 1.06 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლით ივაჭრა, რაც წინა წელთან შედარებით 38%-ით მეტია. სავაჭრო ბრუნვის ამ მაჩვენებლით, რუსეთმა თურქეთის შემდეგ მეორე პოზიცია დაიკავა. სავაჭრო ბრუნვაში იმპორტი ჭარბობს, წელს საქართველომ რუსეთიდან 778 მილიონის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით არის გაზრდილი. ექსპორტი კი 34%-ით, 281 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. რუსეთში საქართველოს ექსპორტში პირველ ადგილს ღვინო იკავებს.
საქართველოს ტოპ 5 საექსპორტო საქონელი რუსეთში:
1) ღვინო – 69 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 50%;
2) ფეროშენადნობები – 45 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 57%;
3) მსუბუქი ავტომობილები – 41 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 485%;
4) მინერალური და მტკნარი წყლები – 28 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 64%
5) შაქრიანი, გაზიანი სასმელები – 26 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 190%.
იმპორტში კი ენერგორესურსები სჭარბობს. მეტიც, ნავთობის იმპორტის მხრივ რუსეთი საქართველოს მთავარ მომწოდებლად იქცა, რადგანაც იანვარ-მაისში შესყიდული 400 მილიონის საწვავიდან 264 მილიონი დოლარი სწორედ რუსეთზე მოდიოდა. იმპორტში მეორე ადგილს 83 მილიონი დოლარით ბუნებრივი აირი იკავებს, რომლის იმპორტიც წლიურად 113%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს ტოპ 5 საიმპორტო საქონელი რუსეთიდან:
1) ნავთობპროდუქტები – 264 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 112%;
2) ბუნებრივი აირი – 83 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 113%;
3) მინის ბოთლები – 22 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 144%;
4) ხორბლის ფქვილი – 21 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 5%;
5) ქვანახშირი – 18 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 650%.