“Georgian Airways”-ი რუსებისთვის თბილისის გავლით ევროპის მიმართულებით სატრანზიტო ფრენებს დაიწყებს. ცნობებს “RTVI”-ს ქართული ავიაკომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ავრცელებს. გეგმაში ხუთი ევროპული ქალაქი შედის: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა, სალონიკი.
„15 ივნისს დავიწყებთ. ვნახოთ, საქმე როგორ წავა. ვფიქრობთ, რომ ამ მარშრუტებზე საკმარისი მოთხოვნა იქნება.სხვა მიმართულებასთან შედარებით, თბილისის გავლით უფრო მოსახერხებელი და სწრაფი იქნება“, – განმარტა გაიაშვილმა.
ავიაკომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ “Georgian Airways”-ის პროგნოზით, რუსეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ნაკადი თანდათან აღდგება.
„ბუნებრივია, რუსეთთან საჰაერო კომუნიკაციას შევინარჩუნებთ. ამას არაფერი შეეხება. საქართველოს მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიესალმა. ღმერთმა ქნას, არაფერი აღარ შეიცვალოს“, – დაამატა მან.
გაიაშვილმა აღიარა, რომ მოსკოვის მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნა ჯერჯერობით არ იზრდება: „ვფიქრობ, დრო და რეკლამა დასჭირდება, რათა ხალხმა გაიგოს, რომ შესაძლებლობა არის. მაშინ მგზავრებიც ივლიან“. მან ასევე დაამატა, რომ ნაკადი თანდათან გაიზრდება, რადგან „მიხვდნენ, რომ პირდაპირი ფრენები აღდგა. ახლა ხომ ყველა ნელ-ნელა პირდაპირ რეისებზე გადადის“.