ახალქალაქის ტანსაცმლის ბაზრობის უკან, მიასნიკიანის ქუჩაზე ნაგვის ურნები ადგილობრივ მცხოვრებლებს უკვე დიდი ხანია აწუხებთ. ახალი ურნები გაფუჭდა და უთავსახურო ურნებით ჩაანაცვლეს, რის გამოც, ძაღლები ნაგავს გამუდმებით ქუჩაში ყრიან. ახალქალაქის სერვისცენტრში განაცხადეს, რომ შეძლებისდაგვარად ძველ ურნებს ახლით, ხუფებით ჩაანაცვლებენ.

როგორც ქუჩის მცხოვრებლები აღნიშნავენ, ურნების ირგვლივ მუდმივად ნაგავია მიმოფანტული, იქ რაიონის ყველა ძაღლი იკრიბება და ურნებს ქექავენ. გარდა ამისა, მითითებული მონაკვეთებიდან რამდენიმე კვარტალში ურნები მხოლოდ ბაზრობის უკან დგას და ჯავახეთის, მიასნიკიანისა და თბილისის ქუჩების ქვედა ნაწილების მცხოვრებლები ამ ურნებით სარგებლობენ.

„საღამოს საათებში აქ ყოველთვის ნაგავია მიმოფანტული. აქ ხორცს და ძვლებს ყრიან, ძაღლები ადიან და ნაგავს მთელ ქუჩაზე ავრცელებენ, ზამთარში კი ვირთხები გამოდიან იქიდან. ურნები ყოველთვის ღიაა. და ჩემს სახლთან სულ უფრო ახლოს მოაქვთ, საშინელი სუნი დგას“, – ამბობს მიასნიკიანის ქუჩის მცხოვრები.
304902439_750949149336608_1189240176665733660_n

„დილით ქუჩას ერთი ქალი გვის, მაგრამ არც ისე სუფთად, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გასუფთავება, ეს არაფერია. ეს ურნები უამრავ პრობლემას გვიქმნის. დამპალი ხორცი, ძვლები და ყველა ძაღლი იქ არის. ყველამ ვიცით რამდენი ძაღლია ახალქალაქში. სამი ქუჩიდან ნაგავი ჩვენთან გროვდება“, – ამბობს სხვა მცხოვრები.

ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორ მხითარ რსტაკიანის თქმით, ბაზრობის მიღმა ნაგვის ურნები დღეში ორჯერ იწმინდება – დილით და საღამოს. მიუხედავად ამისა, ნაგავი კვლავ გროვდება და მეზობელ კორპუსებში დამატებითი ურნების განთავსება შეუძლებელია – მოსახლეობა სახლების წინ ურნების განთავსების უფლებას არ იძლევა.

„ქალაქის ქვედა ნაწილში, ჯავახეთის ქუჩაზე, ურნები დავდგით, მაგრამ მცხოვრებლები მოვიდნენ და მოითხოვეს, რომ ურნები მათ სახლებთან არ ყოფილიყო. ბაზრობის უკან ძველი ურნების თავსახურებიც მოსახლეობამ დაამტვრია, ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევიან“.

რსტაკიანმა ასევე დაამატა, რომ სერვისცენტრმა უნდა მიიღოს ახალი ურნები და, თუ ეს შესაძლებელი იქნება, მათი მიღების შემდეგ, ბაზრობის უკან არსებულ ძველ, უთავსახურო ურნებს ახლით ჩაანაცვლებენ.