ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს. სამუშაოების განსახორციელებლად ტენდერი უკვე  ყველა სოფელში გამოცხადდა, გარდა ორისა: მერენიისა და ბარალეთისა. სოფელი მერენია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტს ცვლის. პრიორიტეტები შეიცვალა ბარალეთშიც.

თავდაპირველად, სოფელ მერენიას მოსახლეობასთან შეხვედრისას, ორი სამუშაო ადგილი შეირჩა: გზების დალაგება და არხების გაწმენდა. თუმცა, მერენიას მერის წარმომადგენლის, ვოლოდია გუშიანის თქმით, სოფლის მოსახლეობამ პრიორიტეტის შეცვლა გადაწყვიტა.

„გზებს შემდეგისთვის დავტოვებთ, ხოლო არხები მუნიციპალიტეტმა გაასუფთავა, მთლიანად არა, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ, ხიდი გვჭირდება, ხიდი არ გვაქვს, რომ პირუტყვი მდინარეზე გადავიდეს და საძოვრებამდე მივიდეს“, – თქვა ვოლოდია გუშიანმა.

მერის წარმომადგენლის თქმით, დამპროექტებელი ადგილის დასათვალიერებლად უკვე მივიდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხა 16000 ლარია და სოფელში იმედოვნებენ, რომ თანხა საკმარისი იქნება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ტერიტორიული ადმინისტრაციის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის მაგდა ამირშადიანის თქმით, რამდენიმე სოფელში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მუშაობა უკვე დასრულდა.

მუნიციპალიტეტმა ყველა სამუშაოზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, რჩება სოფელ მერენიასა და ბარალეთში სამუშაოებზე კონკურსის გამოცხადება.

მაგდა ამირშადიანი ფიქრობს, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტს წლეულს 922 000 ლარი აქვს გამოყოფილი. იგივე თანხა შარშანაც გამოიყო. ყველაზე ხშირად ამ პროგრამის ფარგლებში სოფლები ახორციელებენ სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობას, ან ყიდულობენ სპორტულ აღჭურვილობას, გაჰყავთ ქუჩების განათება, სარწყავი სისტემის, სასმელი წყლის რეაბილიტაციას და სხვა.

ყველაზე მცირე თანხა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 10 000 ლარს შეადგენს, ყველაზე დიდი კი 20 000 ლარს. ასევე, მოსახლეობის მიხედვით სოფლები იღებენ 12 000 ან 16 000 ლარს. თითოეულმა სოფელმა წელს იგივე თანხა მიიღო, რაც შარშან.