“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” სამუშაოები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჯერ არ დასრულებულა, დარჩენილია სოფელ დადეშის ხიდის მშენებლობა და სამი სოფლისთვის სპორტული ინვენტარის შეძენა.
შარშან, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” სამუშაოები ჯერ კიდევ ოქტომბერში დასრულდა. მერიის ინფრასტრუქტურის, ტერიტორიული მართვის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების სპეციალისტი, გარიკ გალივონჯიანი სამუშაოს გახანგრძლივებას პანდემიით ხსნის.
მუნიციპალიტეტში წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” 79 სამუშაოს ახორციელებენ, 8 პრიორიტეტული შეირჩა.
ის, რომ სოფელ დადეშში ხიდის მშენებლობის ტენდერი გვიან გამოაცხადეს, სპეციალისტი, ედგარ თუმასიანი პროექტში ცვლილებების შეტანით ხსნის.
“სამჯერ შევცვალეთ პროექტი, ტენდერი გამოვაცხადეთ, არავინ მიიღო მონაწილეობა და ასე მივედით დღევანდელ დღემდე. კომპანიებს არ აწყობდათ. განვიხილავდით ბეტონის საძირკველს, მაგრამ ახლა, ხიდის საძირკველი გავაკეთეთ რგოლებით და გამოყენებული არმატურების რაოდენობა შემცირდა”, – ხსნის თუმასიან ედგარი.
მისი თქმით, სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია.
“გავაკეთეთ რგოლებით, ყალიბები უკვე მზად არის, დღეს ბეტონს ვასხამთ. 2-3 დღის სამუშაო არის დარჩენილი”, – ამბობს სპეციალისტი.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” სოფელ დადეშისთვის გამოყოფილი თანხა 16 000 ლარს შეადგენს. მთლიანი თანხა სოფელმა ხიდის მშენებლობისთვის გამოიყენა.
10 დეკემბერს მუნიციპალიტეტმა სოფელ არაგვასთვის, კუმურდოსა და ვაჩიანისთვის სპორტული ინვენტარის (ტრენაჟორების) შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. თანხა 15 352 ლარს შეადგენს. შეთავაზებების მიღება 18 დეკემბერს დასრულდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის, როზა იორდანიანის თქმით, ტენდერს მეოთხედ აცხადებენ, მისი თქმით, მას პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება სურდა, მაგრამ პირდაპირი მოლაპარაკების უფლება არ მისცეს.
თუკი არც ამჯერად იქნებიან მონაწილეები, თანხას ხელისუფლებას დაუბრუნებენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” წლეულს, დაახლოებით 922 000 ლარი მიიღო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი ყველაზე მცირე თანხა 10 000 ლარს, ხოლო ყველაზე დიდი – 20 000 ლარს შეადგენს. ასევე, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, სოფლები 12 000, ან 16 000 ლარს იღებენ.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” საქართველოში 2011 წლიდან დაიწყო და ორწლიანი (2017, 2018) ინტერვალით 2019 წელს, კვლავ განახლდა.