სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“-ს გავლით, შეეცადა საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაეტანა 133 351,74 ლარის საბაჟო ღირებულების 871,53 გრამი ოქროს ჯართი. ამაზე ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ჯართის საბაჟო წესების დარღვევით გატანის ფაქტი გამოავლინეს”, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.