ქალაქ ახალქალაქის მაცხოვრებელმა ოფელია მუსიკიანმა განგაში ატეხა, ის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში ვერ მოხვდა, რადგან 200 კილოვატზე მეტი ელექტროენერგია და 200 კუბამეტრზე მეტი ბუნებრივი აირი აქვს მოხმარებული. ის გააფრთხილეს, რომ ელექტროენერგიას გაუთიშავენ, მაგრამ მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ოჯახს არცერთი თეთრი შემოსავალი არ აქვს, სახლში კი 5 წლის ბავშვი ჰყავთ.
ოფელია მუსიკიანმა Jnews-ის რედაქციას მიმართა, შეკითხვით: «რა გავაკეთო».
«ჩვენი უბნის ელექტრიკოსმა დამირეკა, თქვა, რომ მას უბრძანეს იმ აბონენტებს გაუთიშონ შუქი, ვისაც არ აქვს გადახდილი. მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია, მე შუქის ფულს ვერ ვიხდი»,- ამბობს ის. მისი თქმით, ბევრი მისი ახლობელი აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში.
ამჟამად სახლში ცხოვრობს ოფელია, მისი რძალი და 5 წლის შვილიშვილი. შვილმა მოასწრო რუსეთში სამუშაოდ წასვლა იქამდე, ვიდრე საზღვრებს დაკეტავდნენ, თუმცა პანდემიისა და კარანტინის შეზღუდვების გამო არ შეუძლია მუშაობა.
ოფელიას ოჯახს მარტის თვეში 125 ლარის ბუნებრივი აირი და 30 ლარის ელექტროენერგია (მაღალმთიანობის სუბსიდიების გარეშე) აქვს მოხმარებული, შესაბამისად კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამაში ვერ მოხვდა, რადგან 200 კილოვატზე მეტი ელეტროენერგია და 200 კუბამეტრზე მეტი ბუნებრივი აირი აქვთ მოხმარებული. ოფელია მის საერთო სოციალურ მდგომარეობას არ უჩივის, უბრალოდ წარმოქმნილი ვითარების გამო ის გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა.
«ჩვენ ცუდად არ ვცხოვრობთ, გვყოფნიდა, შვილი საზღვარგარეთ მუშაობდა. ახლა ჩიხში ვარ, მეუბნებიან შუქს გამოგირთავთ, მე კიდევ ვერ ვიხდი. ამ სიტუაციამდე ჩვენ ბიზნესი წამოვიწყეთ. სავაჭრო ცენტრ «მანეს» ახალ შენობაში ვიქირავეთ ფართი, ვიყიდეთ ტანსაცმელი, დავიწყეთ ახალი ბიზნესი, მაგრამ ვერ მოვასწარით ბუტიკის განვითარება და შემოსავლის მიღება, ყველაფერი დაიკეტა»,- ყვება ოფელია.
ახალი ბიზნესის წამოსაწყებად ოფელიას ოჯახმა ბანკიდან სესხი გამოიტანა, მაგრამ ეს კრედიტი ახლა შეჩერებულია.
«მე რა თქმა უნდა მესმის, რომ მთელ მსოფლიოშია ასეთი სიტუაცია. ჩვენ რომ გვცოდნოდა, მზად ვიქნებოდით, ეკონომიას გავაკეთებდით, მოვიმარაგებდით რამეს. მაგრამ დღეს ჩვენ ჩიხში ვართ, ხალხი კორონავირუსით კი არ გარდაიცვლება, არამედ სტრესისაგან მოკვდება. სახლში ყველაფერი გვაქვს, რამის გაყიდვის შესაძლებლობა რომ გვქონოდა, გავყიდიდით, რომ სიტუაციას გავუმკლავდეთ, მაგრამ როგორ».
ქალბატონს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამბობს, რომ სახლში ბავშვი რომ არ ყოფილიყო, შესაძლებელი იქნებოდა შუქისა და ბუნებრივი აირის გარეშე გაძლება, მაგრამ აღნიშნულ სიტუაციაში, ჩვენთან საუბრისას, მან რამდენჯერმე გაიმეორა: «მითხარით, რა გავაკეთო».