ჯავახეთის გაზგამანაწილებელ კომპანია SJGC-ს სახელმწიფოს მხრიდან აბონენტების სუბსიდიები, რომელთა გადასახადი მარტის თვეში 200 კუბამეტრ ბუნებრივ აირს არ აღემატება, ჯერ არ მიუღია. კომპანიაში გვითხრეს, რომ დღე დღეზე ელიან გადარიცხვას, თუმცა თუ 27 აპრილამდე არ მოხდა ჩარიცხვა, იძულებულნი იქნებიან აბონენტებს გადაუხდელობის გამო შეუწყვიტონ ბუნებრივი აირის მიწოდება.
ჯავახეთის SJGC გაზგამანაწილებელ კომპანიასთან საუბრისას Jnews-ს მოახსენეს, რომ ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ საქმე გათიშვამდე არ მივა.
«ჩვენ დღეს დაგვირეკეს და დღეს ან ხვალ თანხის დარიცხვას შეგვპირდნენ. თუ აბონენტებს სურვილი აქვთ, შეუძლიათ გადახდა, ეს თანხა მათ ანგარიშზე მაინც დარჩება. ჩვენ ორშაბათამდე დავიცდით, შემდეგ, თუ აღმოჩნდება, რომ არც სახელმწიფოს და არც აბონენტს არ დაუფარავს გადასახადი, შევწყვეტთ გაზის მიწოდებას»,- გვითხრეს SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიიდან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის გადასახადების სახელმწიფო სუბსიდიებით 4015 აბონენტი ისარგებლებს, ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში- 2820 აბონენტი. გაზგამანაწილებელ კომპანია SJGC-ში, დაახლოებითი მონაცემებით, ჯამში 17000 აბონენტზე ოდნავ მეტია.
ჯავახეთში 6835 აბონენტს გადასახადის გადაუხდელობის გამო ბუნებრივი აირი ჯერ არ შეუწყდება
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების სიტუაციის გამო სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება მარტის, აპრილის და მაისის თვეების კომუნალური გადასახადები დაუფაროს იმ აბონენტებს, ვინც 200 კუბამეტრამდე ბუნებრივ აირს და 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ასევე დაიფარება წყლისა და დასუფთავების გადასახადები.