ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წლეულს, 25 000 ლარი გამოიყო უპატრონო და მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად, მათი გამოკვლევისა და სტერილიზაციისთვის. ამ ეტაპზე ტენდერისთვის საჭირო დოკუმენტაცია მზადდება.
ბოლო პერიოდში ქალაქში, ქუჩის ძაღლების პრობლემა აქტუალური გახდა. ახალქალაქის მოსახლეობა ხშირად ჩივის, რომ ძაღლები აშინებენ, არიან ძალიან აგრესიულები. დილის, ან საღამოს საათებში, სახლიდან გასვლის ეშინიათ, რადგან შეიძლება ძაღლების ხროვა დახვდეთ.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, წლეულს ადამიანის ძაღლის მიერ დაკბენის 9 შემთხვევაა დარეგისტრირებული. სტატისტიკიდან გამომდინარე, დაკბენის შემთხვევები წლეულს,შარშანდელთან შედარებით შემცირებულია. იმავე პერიოდში, შარშან 15 შემთხვევა დარეგისტრირდა.
როგორც მერიაში აცხადებენ, მაწანწალა ძაღლებზე მალე გამოცხადდება ტენდერი და მოგებული კომპანია უსახლ-კარო ძაღლების თავშესაფარში გადაყვანას უზრუნველჰყოფს, სადაც გამოკვლევას ჩაუტარებენ და უკან დააბრუნებენ.
მერის მოადგილის არმენ მარანგოზიანის თქმით, ამჟამად მზადდება ტენდერის დოკუმენტაცია.
ძაღლების დაჭერა უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ნორმის შესაბამისად. მათ სპეციალური მანქანებით გადაიყვანენ. დაინფიცირებულ და ავადმყოფ ძაღლებს, საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდებათ ევთანაზია და დამარხავენ.