დღეს, 28 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკას კლუბში დიდი სომეხი პოეტის ჯავახეთიდან, ვაჰან ტერიანის პოეზიის დღე აღინიშნა. ღონისძიება ადგილობრივი ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა.
სოფლის კლუბი საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ ნესტის სუნი იდგა და ციოდა. ამის მიუხედავად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძას მოსახლეობა დიდი სომეხი პოეტის, ტერიანის პოეზიისადმი მიძღვნილი ღონისძიების საყურებლად მივიდა.
სცენაზე იდგნენ გოგონები, რომლებიც მღეროდნენ სომხურ სიმღერებს, ყვებოდნენ პოეტის ბიოგრაფიას და კითხულობდნენ მის ლექსებს.
ორგანიზატორის, ბიბლიოთეკარის ჰასმიკ ნახატაკიანის თქმით, ღონისძიება პერიოდული აქტივობების ფარგლებში მოეწყო.
„მიუხედავად იმისა, რომ პოეტი 9 თებერვალს არის დაბადებული, ჯავახეთში ტრადიციაა, რომ მისი დაბადების დღე ზაფხულში, ივლისის ბოლოს აღინიშნოს. ჩვენს ღონისძიებაში ჩვენი ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები მონაწილეობენ, როგორც ხედავთ, გოგონები აქტიურობენ. ჩვენ უნდა ჩავატაროთ აქტივობები ჩვენი საქმიანობის ფარგლებში, თემა თავისუფალია“, – ამბობს ჰასმიკ ნახატაკიანი.
დილისკაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, თუმცა, ჰასმიკ ნახატაკიანის თქმით, ზამთარში მკითხველთა აქტივობა იკლებს, რადგან გათბობასთან დაკავშირებული პრობლემებია და ბიბლიოთეკის წიგნების ფონდი 1993 წლიდან არ განახლებულა. დილისკას ბიბლიოთეკაში 6000 წიგნია, მაგრამ მკითხველისთვის ხშირად უწევთ უარის თქმა, რადგან მათ მიერ მოთხოვნილი ახალი წიგნები არ არის ხელმისაწვდომი.