6 კომპანიიდან 2, რომლებმაც შემოწირულობები გააკეთეს პარტია “ქართულ ოცნებაში”, ახალქალაქში საგზაო და სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებენ.
2021 წელს მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაახლოებით 320 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო ტენდერებში გაიმარჯვეს და 19 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები მოიპოვეს. ამავე პერიოდში ამ კომპანიებთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულმა დონორებმა “ქართულ ოცნებაში” 4,5 მილიონ ლარზე მეტი შეიტანეს. ამის შესახებ, ნათქვამია Transparency International-ის კვლევაში, რომელიც მიმართულია პოლიტიკური პარტიების 2021 წლის დაფინანსებაზე.
მაგალითად, შპს „არალიმ“ 2021 წელს 62 მილიონი ლარის ღირებულების საჯარო ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა დემეტრე თათეშვილმა კი მმართველი პარტიის ბიუჯეტში 50 000 ლარი შეიტანა.
შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ არიან მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორები, რომლებმაც წლის განმავლობაში ერთობლივად 26 მილიონი ლარის ტენდერი მოიგეს. ამ კომპანიების მფლობელმა ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა მმართველ პარტიას ერთობლივად 45 000 ლარი შესწირეს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს შპს „არალიმ“ გაიმარჯვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 1 ტენდერში 1 325 845 ლარის ოდენობით. ჯამში, 2015 წლიდან 2022 წლის ივლისამდე პერიოდში კომპანიამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 7 ტენდერში, ჯამში 9 286 946 ლარი მოიგო.
რაც შეეხება შპს “საგზაო სამშენებლო სამშენებლო N1”-ს, 2021 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერები მას არ მოუგია. 2022 წელს კომპანიამ გაიმარჯვა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ერთ ტენდერში (ახალქალაქი-რკონის გზის რეაბილიტაცია), რომელიც განხორციელდა ახალქალაქში , 413 512 ლარის ოდენობით. 2020 წელს კომპანიამ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ახალქალაქი-ნინოწმინდის გზის რეაბილიტაციის ტენდერში 5 744 000 ლარის ოდენობით გაიმარჯვა.
ორგანიზაციის შესწავლისას ასევე აღინიშნა შემდეგი კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს და მმართველი პარტიის დონორებს.
ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული კომპანია შპს „ზიმო“ მთავარ სამთავრობო კონტრაქტორებს შორის იყო. წლის განმავლობაში ამ კომპანიამ დაახლოებით 13 მილიონი ლარის საჯარო ტენდერში გაიმარჯვა, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნესჯგუფთან სხვადასხვა გზით ასოცირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას“ წლის განმავლობაში 1 მილიონი ლარი შესწირეს.
მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის იყვნენ ასევე შპს „ბონდი-2009“ და შპს „მონოლიტ-2005“. 2021 წელს ბათუმის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ნუკრი დოლიძის ამ ორმა კომპანიამ გაიმარჯვა 33 მილიონი ლარის საერთო ოდენობის საჯარო ტენდერში. დოლიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა ოთარ ფუტკარაძემ “ქართულ ოცნებას” ერთობლივად 120 000 ლარი შესწირეს.
ასევე აღსანიშნავია შპს „ანაგი“, რომელმაც რამდენიმე მსხვილი სახელმწიფო ტენდერი მოიგო. 2021 წელს ამ კომპანიამ 22 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი მოიგო. ანაგთან ასოცირებულმა პირმა დავით ანდღულაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი ჩიტაშვილმა მმართველ პარტიას სულ 110 000 ლარი შესწირეს.
მონაცემები ოფიციალური ვებგვერდიდან TI Georgia.