რეანიმაციის სტანდარტის შექმნა და DRG სისტემის დანერგვა ინდექსაციის პროცესს კვლავ დროში გაწელავს, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს სამედიცინო სექტორის დიდი ნაწილის უკმაყოფილების ზრდა, საავადმყოფოების გამოსვლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, რაც საბოლოოდ პაციენტს დააზარალებს, ვინაიდან გაიზრდება ჯიბიდან გადახდის წილი – ეს ჯანდაცვის ასოციაციის განცხადებაა.


Jnews-ი წარმოგიდგენთ Business Media-ს მასალა.

ასოციაციაში შემავალი 130-ზე მეტი კლინიკის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 2013 წელს დადგენილი სამედიცინო მომსახურების ტარიფები არ შეცვლილა. კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის არსებული შეთანხმებით კი, კლინიკებს ცალმხრივად მომსახურების ტარიფის შეცვლის უფლება არ აქვთ. ფასების ზრდისა და კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გამკლავების ფონზე მუშაობის პირობებში კი, ჯანდაცვის ასოციაციის განცხადებით, პაციენტები ზარალდებიან, რადგან შექმნილი ვითარება მომსახურების ხარისხზე აისახება.

განცხადების მიხედვით, პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე გავლენას ახდენს მედპერსონალის ანაზღაურებაც, რომელიც, უცვლელი რჩება ინფლაციის და გაზრდილი ხარჯების ფონზე. ეს სამედიცინო პერსონალის უკმაყოფილებას იწვევს, შესაბამისად, პაციენტს, დემოტივირებული პერსონალი ხვდება. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ექთნების და სანიტრების შემთხვევაში, რომელთა რაოდენობაც ისედაც მცირეა. ამასთან, კლინიკების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფასის გათვალისწინებით, არჩევანის შეჩერება უწევთ შედარებით იაფფასიან სახარჯ მასალებზე.

ტარიფების ინდექსაციის (ტარიფების ზრდა საქსტატის მიერ დადგენილი ინდექსის შესაბამისად) მოთხოვნით, 130-ზე მეტმა სამედიცინო დაწესებულებამ ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართა. ასოციაციაში ფიქრობენ, რომ სამინისტროსგან ახალ ტარიფებთან დაკავშირებით პასუხს ივლისში მიიღებენ. თუ ასე არ მოხდება, კლინიკების ნაწილმა შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დატოვოს.

„ინდექსაცია შეიძლება მაშველი რგოლი აღმოჩნდეს მანამ, სანამ დაფინანსების ახალ სისტემაზე(DRG) გადავალთ. ახალ სისტემაზე გადასვლის პერსპექტივა დაანონსებულია წლის ბოლოს, თუმცა ძალიან ბევრი ეტაპია გასავლელი და რამდენად მოესწრება კითხვის ნიშნის ქვეშაა. უკვე თვეებია დაპირებებია, რომ აი შემდეგ თვეში. ბოლო დაპირება იყო ივლისი, როცა ინდექსაცია მიაბეს 520-ე დადგენილებაში შემავალ სერვისებს. ამ სტანდარტის დამტკიცება შეიძლება აქტუალური იყოს, რომ გაიმიჯნოს რომელ კლინიკებს აქვს იმ სტანდარტის მომსახურება, სადაც სახელმწიფოს სურვილი ექნება ითანამშრომლოს და გადაუხადოს ანაზღაურება, მაგრამ ესეც დროში იწელება. ვცდილობთ აქტიურად ვიყოთ ჩართული კომუნიკაციაში, თუმცა ჯერ კიდევ სამუშაო ვერსიაც ვერ მივიღეთ,“-,აცხადებს სიმონ ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი და ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილი.

კარდიოქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელ სულხან ლომინაძის თქმით, თუ კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დატოვებენ, ამით პირველ რიგში მოსახლეობა დაზარალდება.

„მოსახლეობისთვის იქნება სერიოზული ზიანის მომტანი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე. საყოველთაომ სერიოზული შედეგი მოგვცა დასაწყისიდან 2019 წლამდე, რადგან ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ნებისმიერი ფენისთვის.

ვერ გეტყით, რომელ კლინიკებს აქვს გადაწყვეტილი პროგრამიდან გამოსვლა, თუმცა მრავალპროფილური კლინიკების გამოსვლა პირველ რიგში პაციენტისთვის იქნება ზიანის მომტანი და შემდეგ პერსონალისთვის და კლინიკისთვის. არ მინდა დავუშვა, რომ აქამდე მივალთ და მოხდება მათი გამოსვლა პროგრამიდან“,-აცხადებს სულხან ლომინაძე.

რომელი კლინიკები აპირებენ სახელმწიფო პროგრამის დატოვებას, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც მაია მახარაშვილს, თუმცა ის მოვლენების არც ამ სცენარით განვითარებას გამორიცხავს.

„რომელი კლინიკებიდან წამოვიდა პოტენციურად პროგრამიდან გამოსვლის ალბათობა არ ვიცი. ასოციაციის შიგნით არ ყოფილა ამაზე საუბარი, თუმცა გამორიცხული არაფერია. დიდი რისკია პროგრამიდან გასვლა რეგიონებში, რაიონულ ცენტრებში, სადაც არ არის კლინიკების დიდი არჩევანი. ეს პირველ რიგში ხელმისაწვდომობას შეამცირებს იმ რაიონის მოსახლეობისთვის. დადებითი მხარე პროგრამის იყო ის, რომ პაციენტს არ ეშინოდა, მიდიოდა კლინიკაში და იცოდა გარკვეული მომსახურება სახელმწიფოს მხრიდან იფარებოდა.

პროგრამიდან კლინიკების გამოსვლით ორი რისკი ჩნდება, ერთი რისკია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, მეორე ფინანსური ხელმისაწვდომობა. და თუ მაინც პაციენტი იმ კლინიკაში მოხვდება, რომელიც არ მონაწილეობს პროგრამაში, მოუწევს სრულად დაფაროს მომსახურების ხარჯი ან უნდა იყოს კერძო დაზღვევით მოსარგებლე. სხვა შემთხვევაში მოუწევს ჯიბიდან გადახდა ან სხვა რაიონულ ცენტრში მიმართვა“,-განმარტავს მაია მახარაშვილი „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში.