ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამით საშეღავათო წამლებით სარგებლობა კვლავ შეუძლებელია, ამჯერად სხვა მიზეზი არსებობს. ახლა აფთიაქები ითხოვენ კოდს, ხალხს ექიმებთან რეცეპტის შესასწორებლად აგზავნიან, ხოლო ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს ექიმების მტკიცებით, მათ რეცეპტი სწორად აქვთ გამოწერილი. ხალხმა არ იცის, ვის მიმართოს და ვინ არის დამნაშავე.
ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები კვლავ გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგან სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობა და “ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა” პროგრამის შესაბამისად მათი წამლების მიღება არ შეუძლიათ. აფთიაქებში წამლებს არ იძლევიან და ითხოვენ კოდს, ხოლო საავადმყოფოს ექიმები ამბობენ, რომ მათ რეცეპტი სწორად უწერიათ.
სახელმწიფო პროგრამის თანახმად, დაავადებულებს საშეღავათო მედიკამენტების მიღება “PSP”-ს, “GEFA”-ს და “AVERSI”-ს აფთიაქების ქსელებში შეუძლიათ. აფთიაქი “GEFA” ახალქალაქში არ ფუნქციონირებს. “PSP”-ს ახალქალაქის სააფთიაქო ქსელში პროგრამა თავდაპირველად არ მუშაობდა, ხოლო “AVERSI”-ის სააფთიაქო ქსელებში ხალხისგან კოდის წარმოდგენას ითხოვენ.
აფთიაქში ადამიანებს ექიმთან აგზავნიან, ექიმი ისევ აფთიაქში აგზავნის, და ასე გრძელდება წრებრუნვა. ხალხმა არ იცის, ვის მიმართოს, რომ პრობლემა მოგვარდეს. ბევრს მედიკამეტები აღარ აქვს, ხოლო დამოუკიდებლად ყიდვის შესაძლებლობა ყველას არ აქვს.
არტაშეს სიმონიანი ერთ-ერთი მოქალაქეა, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა.
“ექიმმა რეცეპტი გამომიწერა, აფთიაქში მეუბნებიან- კოდი მითხარი, წადი, დაგიწერონ. მივდივარ ექიმთან, მეუბნება “წერია ისე, როგორც მოეთხოვება”. აფთიაქში ძალიან უხეშად მპასუხობენ, არც კი ხსნიან, რა მიზეზია და რა გავაკეთო. ახლა რა ვიღონოთ, მოვკვდეთ? ალბათ, მთელი ქალაქით შევიკრიბებით და აქციას მოვაწყობთ, რათა ყურადღება მოგვაქციონ. აფთიაქი გვაგზავნის ექიმთან, ექიმი აფთიაქში. ჩვენ ეს წამლები სახელმწიფომ გამოგვიყო, აქ კიდევ არ გვაძლევენ. რა მიზეზით?”,- ჩივის არტაშეს სიმონიანი.
გარიკ კამალიანს ასევე არ შეუძლია წამლების მიღება.
“ჩვენ მოვითხოვთ იმას, რაც კანონით გვეკუთვნის. რამდენიმე თვის წინ პროგრამა არ მუშაობდა, შემდეგ, როგორც იქნა, ამუშავდა, ხოლო ახლა- წამლები არ არის. აფთიაქის თანამშრომელმა მითხრა, რომ მათ წამლების გაცემის უფლება არ აქვთ”,- თქვა გარიკ კამალიანმა.
ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს ენდოკრინოლოგმა სონა ჩთჩიანმა JNEWS-თან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ისინი ამ საკითხს სამინისტროსთან აგვარებენ.
“ჩვენ რეცეპტს სწორად ვწერთ, სხვა ვარიანტი არ არის. არ ვიცი, რაშია მიზეზი, ჩვენთან რეცეპტი ნორმალურად გამოისახება. ჩვენ რეცეპტებს ონლაინ ვწერთ, შემდეგ ინვოისს ვბეჭდავ და ხალხს ვაძლევ, რათა თანხა და წამლების რაოდენობა თავად თვითონ ნახონ. იქ არავითარი კოდი არ არის, არის რეცეპტის კოდი, რომელიც ინვოისში ჩანს. ახლა სამინისტროსგან პასუხს ველით”,- თქვა სონა ჩთჩიანმა.
მედიკამენტის გაცემის სახელმწიფოს ელექტრონული პროგრამა 1 სექტემბრიდან განახლდა.
“AVERSI”-ს აფთიაქის მთავარი ოფისიდან JNEWS-ს უთხრეს, რომ პროგრამის ელექტრონული ვერსია განახლდა, და თუ პროგრამა ავადმყოფის რეცეპტს არ აჩვენებს, გამოდის, რომ არასწორია და შესწორებაა საჭირო. ახალქალაქში “AVERSI”-ს სააფთიაქო ქსელის მენეჯერთან საუბარი ვერ მოხერხდა.
აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ:
– “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული პირები, ვისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000;
– საპენსიო ასაკის მოქალაქეები (ქალი- 60 წლიდან, მამაკაცი- 65 წლიდან);
– შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვები;
– მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები.
აღნიშნული პირები მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად- 1 ლარად იძენენ. პარკინსონის დაავადებითა და ეპილეფსიით დაავადებული პირები მედიკამენტების შეძენისას 75%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ.
პროგრამა შემდეგ დაავადებებზე ვრცელდება:
-გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები
-ფილტვების ქრონიკული დაავადება
-დიაბეტი (II ტიპი)
-ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
-ეპილეფსია
-პარკინსონის დაავადება
ახალქალაქში სახელმწიფო პროგრამით ვერ სარგებლობენ და წამლებს 1 ლარად ვერ ყიდულობენ
ახალქალაქში წამლების მიღება 1 ლარად უკვე შესაძლებელია