ბოლო თვეების განმავლობაში ახალქალაქში შეშფოთებულები არიან იმით, რომ დათვები სოფელში შედიან და სკებს აზიანებენ. საქმე იმაშია, რომ არც ერთი სკა დაზღვეული არ არის. აღმოჩნდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფუტკრების დაზღვევას არ ასუბსიდირებს.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში JNEWS-ს დაუდასტურეს, რომ მიმდინარე პროექტებში არ აქვთ ფუტკრების დაზღვევის სუბსიდირება, თუმცა, შესაძლოა ცალკეული კომპანიები აზღვევდნენ.

დათვი პირველად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანში 9 ივნისს გამოჩნდა და აბგარიანების სკები დაარბია. შემდეგ კი კარწახში, დადეშში, ხავეთში, ბოზალსა და სხვა სოფლებში გამოჩნდა.

ყველაზე მეტად დაზარალდა პეტროსიანების ოჯახი სოფელ ხავეთიდან. დათვმა 13 სკიდან 5 მთლიანად დაამტვრია.

უნდა აღინიშნოს, რომ 28 ივნისის შემდეგ დათვები აღარავის უნახავს, მაგრამ ლიპარიტ პეტროსიანმა სკების მთელს ტერიტორიაზე სხვადასხვა ფერის საახალწლო ნათურები დაკიდა იმ იმედით, რომ ეს დათვებს დააფრთხობდა.

ახალქალაქის მოსახლეობამ კომპენსაციისთვის ახალქალაქის მერიას მიმართა, მაგრამ უთხრეს, რომ კომპენსაციას ვერ გადაუხდიან.

როგორც მანამდე ვწერდით, ახალქალაქის მერია მხოლოდ იმ ზარალს ანაზღაურებს, რომლებიც გამოწვეულია სტიქიით – ძლიერი ქარის, ელვის, წყალდიდობისა და ა.შ. შედეგად. სხვა შემთხვევაში კომპენსაციას ვერ გასცემენ.