ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ არაგიალში 29 ივნისს საღამოს, მოწამვლის შემთხვევები დაფიქსირდა. სოფლის მოსახლეობა ვარაუდობს, რომ მოწამვლის მიზეზი წყალია. ხვალ წყლის ნიმუშები ლაბორატორიული გამოკვლევისთვის გაიგზავნება.
ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ტიგრან ეგოიანი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ დღეს შეიტყვეს და დაუყოვნებლივ დაიწყეს კვლევა.
„ხალხი ფიქრობს, რომ მოწამვლა წყალთან არის დაკავშირებული, ამიტომ ვარაუდობენ. მოწამლულთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, მოსახლეობის დაახლოებით 30 პროცენტი. სერიოზული შემთხვევები არ არის, ეს არის კუჭ-ნაწლავის მოვლენები, ზოგადი სისუსტე, გულისრევა, ფაღარათი, მაგრამ არა ხანგრძლივი, გრძელდება ორი, მაქსიმუმ სამი დღე. მოსახლეობას ძირითადად სისუსტე აწუხებს. შეიძლება წყლისგან, მაგრამ სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება წყლის დეზინფექციისთვის“, – ამბობს ტიგრან ეგოიანი.
დღეს აუზში წყალი დაიქლორა, წყლის ნიმუში აიღეს, რომელიც ხვალ ლაბორატორიაში გაიგზავნება ანალიზისთვის. მოსახლეობას აფრთხილებენ წყალი მხოლოდ ადუღების შემდეგ გამოიყენონ.
სოფელ დიდ არაგიალის სპეციალისტმა, არმან აღჯოიანმა განაცხადა, რომ ვარაუდობდნენ, რომ მოწამვლა შესაძლოა წყალს გამოეწვია, თუმცა კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ.
„მოწამვლის პირველი შემთხვევა 29 ივნისს, საღამოს დაფიქსირდა, მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა, ძირითადად ზრდასრულ მოსახლეობაში დაფიქსირდა, იყვნენ ბავშვებიც, მაგრამ მსუბუქი ფორმით“, – განაცხადა არმან აგოიანმა.
მისი თქმით, სოფელში სასმელი წყლის აუზების პრობლემა არ არის. წყალი მუშავდება ქლორით, სოფლის სპეციალისტი კი აუზებს მთელი დღის განმავლობაში უვლის.
დიდი არაგიალის მკვიდრის პ.აგჟოიანის თქმით, მისი ოჯახის წევრები უკვე მესამე დღეა სუსტად გრძნობენ თავს, სიცხე აქვთ და სახლში წევნან.
მოწამლულმა არაგიალის მცხოვრებლებმა ნინოწმინდის კლინიკაში ინტრავენური გამწმენდი საწვეთური მიიღეს.
საქმე კვლევის პროცესშია.