ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კარწახში, სულდაში, ვარევანში დღესასწაულის გასატარებლად 11 000 ლარი გამოიყო. გამაგრილებელი სასმელების მიწოდებაზე დაჩქარებული ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სოფელ კარწახში ჯივანობას ფართოდ აღნიშნავს. ძირითადად სტუმრები არიან ერევნიდან, თბილისიდან, ასევე მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიდან და ქალაქ ახალქალაქიდან. გამოდიან ცეკვის ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, როგორც ადგილობრივი, ასევე სტუმრები სომხეთიდან. ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხა ძირითადად იხარჯება ალა-ფურშეტზე, რომელიც ოფიციალური ნაწილის შემდეგ ეწყობა.
„დღესასწაულს ვაცხადებთ და ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით, არავის ვეპატიჟებით. ერევნიდან ყოველწლიურად ჩამოდიან სტუმრები, მაგალითად, ანსამბლი „საიათ ნოვა“. თბილისიდანაც ჩამოდიან. თანხას დავხარჯავთ სტუმრების გამასპინძლებისთვის. სოფლებში სულდასა და ვარევანში დღესასწაული მოკრძალებულად აღინიშნება, როგორც წესი სტუმრები არ ჩამოდიან ხოლმე“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ვალერი სტელმაშოვი.
სოფელი სულდაში მერის წარმომადგენლის, ზარზანდ კუჯოიანის თქმით, ერთ დღეს სამ დღესასწაულს აღნიშნავენ.
„სოფლის დღეს, აშუღ ტიფილის დღესასწაულს და ეკლესიის დღესასწაულს ზედიზედ სამი წელია ერთად აღვნიშნავთ. გამოდის ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, შემდეგ კი ვიკრიბებით ქეიფზე. დღესასწაულს მოკრძალებულად აღვნიშნავთ, სტუმრებს არ ვიწვევთ, მთელ სოფელთან ერთად ვზეიმობთ. აშუღზე ცოტა ინფორმაცია გვაქვს, ვიცით, რომ ის ჯივანის მოწაფე იყო“, – ამბობს ზარზანდ კუჯოიანი.
სოფელ ვარევანში ხსოვნის დღე 30 წელია აღინიშნება.
„ჩვენ აღვნიშნავთ ივლისის პირველ კვირას, პეტროს აბაჯიანის ხსოვნის დღეს. სოფლის ანსამბლი ცეკვავს, მღერის, მერე იმართება ქეიფი“, – ამბობს სოფელ ვარევანში მერის წარმომადგენელი, მიშა სტეპანიანი.
17 ივნისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ კარწახში საკვების შესყიდვაზე, მიმტანებისა და მზარეულის მომსახურებაზე, ჭურჭლის დასუფთავება-რეცხვაზე, ხოლო ვარვანსა და სულდაში საკვების შესყიდვაზე დაჩქარებული ტენდერი გამოაცხადა. განაცხადები მიიღება 27 ივნისამდეა.