უახლოესი 3 წლის განმავლობაში საქართველოში 80 სკოლა აშენდება. მათ შორის იქნება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდას სკოლაც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფართომასშტაბიანი პროექტი დააანონსა, რომლის ფარგლებშიც, მთელს ქვეყანაში 800 საჯარო სკოლა გარემონტდება. 80-ს კი თავიდან ააშენებენ, 220 შენობა კაპიტალურად გარემონტდება. პროექტის ბიუჯეტი 1 მლრდ ლარს (დაახლოებით 330 მლნ აშშ დოლარს) შეადგენს.  საქართველოში 2 308 სკოლაა, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 222 კერძო. ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო 8-9 წლის განმავლობაში მთავრობამ 175 სკოლა ააშენა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

რამდენი სკოლა აშენდება და რამდენი გარემონტდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, განათლების რესურსცენტრში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, მაგრამ ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, სოფლებში სიაში, სადაც ახალ სკოლებს ააშენებენ, სოფელი სულდაც არის.

“სკოლების ჩამონათვალში, სადაც შენობას ნულიდან ააშენებენ, არია სოფელი სულდაც. სკოლები წესრიგში უნდა მოვიყვანოთ, რათა ისინი აკმაყოფილებდნენ სტანდარტებს და პირველადი პრობლემები მოგვარებული იყოს. განათლების სამინისტრომ მოგვთხოვა ინფორმაცია სკოლებზე, რომლებსაც მზა პროექტი აქვთ, რომლებსაც აქვთ თავისი ფინანსები, რომლებსაც არ ჰყოფნით თანხა და ჩვენ რამდენიც შეგვეძლება იმდენით დავეხმარებით”, – ამბობს ახალქალაქის მერი, მელკონ მაკარიანი.

როგორც სოფელ სულდას სკოლის დირექტორი ედიკ ტოროიანი ამბობს, სკოლის ახალი შენობისთვის უკვე შერჩეულია ადგილი, ის არსებული სკოლისა და მაგისტალიდან მოშორებით იქნება.

“ჩვენს სკოლაში 118 მოსწავლეა. კეთილმოწყობას რაც შეეხება სანიტარული კუთხე 2020 წელს ააშენეს. შარშან ზაფხულში კი ჩვენი სკოლის შენობის ერთი კორპუსი გაარემონტეს. გაკვეთილები 2 კორპუსში ტარდება. სკოლა გზიდან 20 მეტრში მდებარეობს. ეს თურქეთისკენ მიმავალი საერთაშორისო ტრანზიტის გზაა. ყოველ 30 წუთში 5 სატვირთო მოძრაობს ამ გზაზე და ძალიან საშიში ადგილია. ასევე, შენობის ერთი კორპუსი ავარიულია”, – ამბობს სკოლის დირექტორი.