ახალქალაქში მაწანწალა ძაღლების ხროვის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა შეწუხებულია. მერია ძაღლების დაჭერასა და სტერილიზაციაზე ტენდერის გამოცხადებას აპირებს.
ახალქალაქში სულ უფრო და უფრო ხშირია მაწანწალა ძაღლების პრობლემა, რომლებიც ხროვებად დადიან მთელს ქალაქში, ზოგჯერ თავს ესხმიან ადამიანებს ან აშინებენ. ზოგისთვის ძაღლების ხროვა ქალაქში გადაადგილების ნამდვილ პრობლემად იქცა. ბევრს ბავშვების გარეთ გაშვების ეშინია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა მაწანწალა ძაღლების დაჭერისა და სტერილიზაციისთვის ბიუჯეტიდან 26 000 ლარი გამოყო, თუმცა ტენდერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა. მერიის ინფორმაციით, ტენდერი მალე გამოცხადდება. თუმცა, სტერილიზაციის ჩატარების დრო ძალიან მნიშვნელოვანია.
„ტენდერი უფრო ადრე არ გამოაცხადეს, რათა ეს პროცედურები, სტერილიზაციას ვგულისხმობ, დროულად ჩატარებულიყო. ერთი მაწანწალა ძაღლი 10-ჯერ არ გამრავლდება, არ დაყრის ლეკვებს და მერე ქალაქში არ ივლის ხროვებად“, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.
აღსანიშნავია, რომ შარშან, იმავე მიზნით 22 033 ლარი გამოიყო ცხოველების დასაჭერად (სტერილიზება, კასტრაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია და დაბრუნება, ან საჭიროების შემთხვევაში ევთანაზია). რამდენად ეფექტიანია ეს მეთოდი გაუგებარია, ვინაიდან ყოველწლიურად პრობლემა აქტუალური ხდება, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება სხვა გამოსავალს ჯერ ვერ ხედავს.