მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქის იუსტიციის სახლი დაკეტილია, ბიომეტრიული პასპორტებისა და პორადობის დამადასტურებელი საბუთების განახლება უკვე შესაძლებელია, მაგრამ განაცხადის შეტანის ზოგიერთი პროცედურა შეიცვალა.
ისევე როგორც ყველა სხვა დაწესებულება, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე იუსტიციის სახლიც გადავიდა.
ქვეყანაში პანდემიის გამო შეჩერებული იყო ბიომეტრიული პასპორტებისა და პირადობის დამადასტურებელი საბუთების გაცემა. დღეს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბიომეტრიული პასპორტებისა და პორადობის დამადასტურებელი საბუთების გაცემა განახლდება. თუმცა, პირადობებისა და პასპორტების სასწრაფო რეჟიმში მიღება შეუძლებელია, ყველას შეუძლია სტანდარტულად, 10 დღის შემდეგ მიიღოს საბუთი.
იმ მოქალაქეებს ვისაც უკვე აღებული აქვს ბიომეტრიული პასპორტი და სურს განახლება, განაცხადი my.gov.ge ან sda.gov.ge გვერდებზე უნდა დატოვონ. ამიშ შემდეგ მზა დოკუმენტს ფოსტით მიიღებენ.
ვისაც სურს ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი საბუთი და აქამდე მიღებული ჰქონია, 13 აპრილამდე უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე 032 2 40 10 10. ოპერატორი კლიენტს შეხვედრას დაუნიშნავს, შეარჩევს დღეს, ადგილს და დროს, სადაც უნდა მივიდეს მოქალაქე. 13 აპრილის შემდეგ განაცხადი ზემოაღნიშნულ გვერდებზე უნდა შეიტანონ.
თუკი მოქალაქე პირველად ღებულობს ბიომეტრიულ პასპორტს ან ელექტრონულ პირადობის დამადასტურებელ საბუთს, მან უნდა დარეკოს 032 2 40 10 10 ცხელ ხაზზე და ოპერატორი შეხვედრის დღეს, დროს და ადგილს დაუნიშნავს.
თბილისში, ბათუმში და კიდევ რამოდენიმე სხვა ქალაქში, 70 წელზე უფროს ადამიანებზე სპეციალური მომსახურება მოქმედებს. ისინი ბიომეტრიული პასპორტის ან ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიღების განაცხადის გაფორმებას სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ. ჯერ უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე და ოპერატორს მათი ინფორმაცია გადასცენ, რის შემდეგაც სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებით მოქმედებენ, 10 დღის განმავლობაში მივლენ მოქალაქის საცხოვრებელ ადგილას და შესაბამის პროცედურებს ჩაატარებენ. თუმცა, ახალქალაქში ეს სერვისი ჯერ არ მოქმედებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში Jnews-ს აცნობეს, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ეს დისტანციური მომსახურება არის შემოღებული, სააგენტოს სხვა სახის მომსახურების ამოქმედებაზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.