ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ეთნოგრაფიული ანსამბლი “ჯავახკი” და ქართული ცეკვის ანსამბლი “მურჯი”, მათი იუბილეების საპატივცემლოდ, დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

დღეს, 23 ოქტომბერს ახალქალაქის ორმა მთავარმა ცეკვის ანსამბლმა, ჯილდოს სახით, დიპლომები მიიღო. ანსამბლ “ჯავახკს” 20 წელი შეუსრულდა. ანსამბლი 2000 წლის 22 ოქტომბერს დაარსდა. ანსამბლის დამაარსებლები და ხელმძღვანელები აშუღ ალიკ და ლამარა ქსპოიანები არიან. ანსამბლი ძირითადად სომხურ ნაციონალურ ცეკვებს ცეკვავს.

Javaxq

ცეკვის ანსამბლ “მურჯს” 10 წელი შეუსრულდა. ანსამბლი 2010 წლის 10 ოქტომბერს დაარსდა და ძირითადად ქართულ ცეკვებს წარმოადგენს. ანსამბლ “მურჯის” ხელმძღვანელი და დამაარსებელია გიორგი მეტრეველი.


ორივე ჯგუფში ცეკვავს სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ბავშვი: სომეხი, ქართველი და ბერძენი.

ორივე ანსამბლი სხვადასხვა ფესტივალში და კონკურსში მონაწილეობდა და ბევრი ჯილდო, პრიზი და დიპლომი აქვს მიღებული, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ისინი სხვადასხვა საერთაშორისო და სახელმწიფო ფესტივალში ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ღირსეულად წარადგენს.

პანდემიის გამო ანსამბლების იუბილეები ფართოდ არ აღინიშნება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვალერი სტელმაშოვი იუბილარების მიერ მუნიციპალიტეტის კულტურულ განვითარებაში მათ შეტანილ წვლილს აფასებს.

“ორივე ანსამბლის ორგანიზებასა და შექმნაში პირველივე დღეებიდან ვმონაწილეობდი, და ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუნიციპალიტეტში ღირსეული და შემდგარი ანსამბლები ფუნქციონირებს. ისინი სხვადასხვა საერთაშორისო და სახელმწიფო ფესტივალში მონაწილეობდნენ და ლაურეატები და პრიზიორები გახდნენ, ბევრი მედალი, გრან პრი მიიღეს, ასევე დიდი აღიარება მოიპოვეს”,- თქვა ვალერი სტელმაშოვმა.