დღეს, 26 მაისს ჩემი თხოვნა, მუდარა თქვენდამი, საზოგადოებისადმი და პოლიტიკური ელიტის მიმართ ორ სიტყვად ითქმის – ძალა ერთობაშია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ერთად შეკრულ ერს დიდი მომავალი უწერია.
„როდის, თუ არა დღეს, უნდა შევიგნოთ, რომ სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. ერთად შეკრულ ერს კი დიდი მომავალი უწერია: ევროპის და ჩვენ თავში დაბრუნებისკენ. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოგმართოთ, რომ ეროვნული თანხმობა ამ მიმართულებით ცარიელ სიტყვად არ დარჩეს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ისტორიული შეგნების ამსახველი იყოს. ეს შანსი დღეს არსებობს.
მინდა, წაგიკითხოთ ერთი წინადადება ახალგაზრდების რამდენიმე ჯგუფის მიერ შექმნილი დეკლარაციიდან: „საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები ვდგებით ერთად, რათა ქვეყნის ამ გადამწყვეტ მომენტში საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწვდინოთ ხმა და გამოვხატოთ ურყევი ნება და მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ“.
ჩვენ გვევალება, რომ ამ ახალგაზრდებს ვუსმინოთ და მომავალ თაობებს საკუთარი არჩევანისთვის გზა გავუხსნათ. წარმატება ამ გზაზე ჩვენზე და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე ნიშნავს ყველაზე: მთავრობა, ოპოზიცია და საზოგადოება თავის ყველა კომპონენტით. მე ამიტომ მზად ვარ, ვიყო თქვენი ყველასი ხმა და ეს ერის, მივიტანო გზავნილი იქ, სადაც დღეს საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს, რათა გაიგონ საქართველოს ერთიანი გზავნილი – „ევროპელები ვართ“. დამოუკიდებლობის, თავისუფლების და მშვიდობის გამყარება, მხოლოდ ამ გზით მოიპოვება… ამ მიზანს უნდა ვემსახუროთ ყველა…. და ასე მესმის დღეს თქვენ მიერ წარმოთქმული ფიცის სიტყვები: „ვემსახურები საქართველოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.