სკოლის ბოლო ზართან დაკავშირებით აურზაური ახალქალაქში უკვე დაიწყო. კურსდამთავრებულები სწავლობენ გამოსამშვიდობებელ ვალსს, მშობლები კი საყიდლებზე დადიან, რათა გემრიელი კერძები მოამზადონ.

რა დაჯდება ბოლო ზარი, რომელიც მხოლოდ სკოლის ეზოში ღონისძიებით არ შემოიფარგლება? მას მოსდევს გამოსაშვები მეჯლისი და ექსკურსია.

ამრიგად:

საღამოს მზა კაბის ფასები 150-300 ლარამდე მერყეობს, თუ კაბა შეკვეთით იკერება, მაშინ 400 ლარამდე ღირს. ფეხსაცმელი დაახლოებით 100 ლარი, არიან მშობლები, რომლებიც ორ წყვილ ფეხსაცმელს ყიდულობენ.

გამოსამშვიდობებელი ვალსის შესასწავლად თითოეულმა კურსდამთავრებულმა 50 ლარი გადაიხადა.

ლენტი წარწერით “კურსდამთავრებული” 18 ლარი ღირს, ლენტები თმისთვის – 8-10 ლარი, ხოლო სკოლის ფორმის კაბა 100-150 ლარის ფარგლებში. გოგონების მშობლებს მოუწევთ ფულის დახარჯვა თმის ვარცხნილობაზე და სილამაზის სალონის სხვა სერვისებზე. ვიდეო გადაღებისთვის თითოეული სტუდენტი 50-დან 70 ლარამდე იხდის, იმის მიხედვით, შედის თუ არა ვიდეოში ბოლო გაკვეთილის გადაღება. ბოლო ზარის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ბოლო კლასის ფოტოალბომი, რაც 65 ლარი ჯდება.

გამოსაშვებ საღამოზე, არანაკლებ 300-300 ლარს კრებენ, იმ შემთხვევაში, თუ საღამოში მშობლები და მასწავლებლებიც მონაწილეობენ.

ექსკურსიაზე წასვლას რაც შეეხება, ეს რთული საკითხია. მთავრობა კრძალავს სკოლიდან შორს წასვლას. სკოლის კურსდამთავრებულები თუ მაინც გადაწყვეტენ ექსკურსიაზე ახლო რაიონში წასვლას, დაახლოებით 70-70 ლარი უნდა შეაგროვონ.

ტრადიციულად, სკოლის ეზოში გამართული ღონისძიების შემდეგ გართობა სახლში ან რესტორანში გრძელდება. სახლში 2000-3000 ლარი დაიხარჯება, თუ რესტორანში – უფრო მეტი.

ბუნებრივია, ბოლო ზარის თაიგული ყველაზე მდიდრული უნდა იყოს, რადგან პირდაპირ სკოლის ეზოში ჩუქნიან, ყველა უყურებს და მსჯელობს, ვისი თაიგული იყო ყველაზე ლამაზი და ყველაზე დიდი. შესაბამისად, თაიგულის ფასი 150-250 ლარამდე მერყეობს.

გარდა ჩამოთვლილი ხარჯისა, მშობლებმა აუცილებლად უნდა აჩუქონ კურსდამთავრებულს რაიმე ღირებული, ეს შეიძლება იყოს ოქროს სამკაული, ტელეფონი ან სხვა. კურსდამთავრებულები არა მხოლოდ იღებენ საჩუქრებს, არამედ ჩუქნიან: კლასის მასწავლებელს, სავარაუდოდ, ოქროს სამკაულს ან სხვა ძვირფას ნივთს, ხოლო სხვა მასწავლებლებს – ყვავილებს.

ყველა ცდილობს ამ დღეს იყოს სრულყოფილი, ყველაზე ლამაზი და მდიდრულად ჩაცმული, მიიღოს ყველაზე დიდი თაიგული, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მშობლებს ფინანსური შესაძლებლობა. ბევრი სესხსაც კი იღებს, რომ შვილი ამ „რბოლაში“ არ ჩამორჩეს.

წლეულს ახალქალაქის ხუთმა სკოლამ ერთად 189 კურსდამთავრებული გამოუშვა.

კორონავირუსმაც კი ვერ იმოქმედა ამ მოვლენებზე, რომლებიც უკვე ტრადიციად იქცა. მართალია, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ეპიდემიის გამო, სკოლის დამთავრების დღესასწაულმა გარკვეული ცვლილებები განიცადა, ზეიმი უფრო მოკრძალებული გახდა, მაგრამ წლეულს, როგორც მშობლები ამბობენ, ამ ორი წლის განმავლობაში ისინი, თავიანთი შვილებისთვის, უფრო დიდებულ და ხალხმრავალ ზეიმს და წვეულებებს გამართავენ. ბოლოს და ბოლოს, სკოლის ბოლო ზარი ცხოვრებაში ერთხელ არის.