2022 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 576.5 ათასი შემოსვლა, რაც 4.3-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 49.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 517.3 ათასი შეადგინა, რაც 4-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
„2022 წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 431.3 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4.8-ჯერ არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 460 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 3.9-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 89.6 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.2 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2022 წლის 1-ელ კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 66.8 ათასი ვიზიტორი დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 15.5 პროცენტს შეადგენს და გაზრდილია 126.9 პროცენტით 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა (103.8 ათასი) თურქეთის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 104.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 50.5 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 33.6 პროცენტს შეადგენდა.
2022 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (49.9 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შესაბამისად, 307.8 ათასი და 173.2 ათასი ვიზიტი.
2022 წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.5 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 74.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2022 წლის იანვარ-მარტში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 777.8 ლარი შეადგინა,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.