“ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გამკაცრებას სთავაზობს.
პარლამენტის ბიუროს 25 აპრილის სხდომაზე წარედგინება პროექტი, რომლის თანახმად, პირებს, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობდნენ, ან დღემდე მონაწილეობენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და სამხედრო აგრესიაში, საქართველოში შემოსვლა და ეკონომიკური აქტივობების განხორციელება აეკრძალებათ.
პროექტის მიხედვით, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვები ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე ვრცელდება, რომელთა მხრიდანაც საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და სამხედრო აგრესია ხორციელდება, ასევე პირებზე, რომლებიც ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ იქნა სანქცირებული, საქართველოსა და უკრაინაში განხორცილებული სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის გამო.
პროექტის გათვალისწინებით, ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებსაც “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი აქვთ დარღვეული, ეკრძალებათ საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად. ასევე, საქართველოში მოქმედ ყველა სახის იურიდიულ პირს ეკრძალება დაფინანსების მიღება პირდაპირ ან ირიბად ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან, რომლებსაც აღნიშნული კანონი აქვს დარღვეული.
ამავე პროექტით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებსაც აღნიშნული კანონი აქვთ დარღვეული, საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ.