20 მარტის ღამით, ძლიერმა ქარმა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მძვინვარებდა, ახალქალაქის სოფლებში ბევრი შენობა სახურავის გარეშე დატოვა. ახალქალაქის მერიაში მაშინვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც ქარისგან მიყენებული ზარალი დაარეგისტრირა და შეაფასა. ერთ კვადრატულ მეტრზე კომპენსაცია 24 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
მერმა მელქონ მაკარიანმა თქვა, რომ ყველა შესული განცხადება განიხილეს. კომპენსაცია იქნება, მაგრამ არა სრული მოცულობის.
„ზარალის ასანაზღაურებლად სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, გვაქვს ფიქსირებული თანხა, კვადრატულ მეტრზე 24 ლარამდე. გავითვალისწინეთ ფასში სხვაობა და ის, რომ წელს ყველაფერი გაძვირდა. შარშან თანხა 15-20 ლარი იყო. ჯერ კიდევ ვიღებთ განაცხადებს, არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია“, – ამბობს მერი.
კონკრეტული პირებისთვის დაფინანსება ჯერ არ არის გამოყოფილი, მზადდება ოქმები სამინისტროში გასაგზავნად.
„არსებობს სპეციალური ფონდი – CFI, რომელმაც უნდა გამოყოს თანხა, ნაწილს აუნაზღაურებენ, დანარჩენს კი ჩვენი სარეზერვო ფონდიდან გამოვყოფთ. დღეისათვის 100-მდე განაცხადია განხილული. ვეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ 100%-იანი დაფინანსება ისტორიას არ ახსოვს, კანონი არ გვაძლევს ამის საშუალებას“, – დაამატა მან.
ახალქალაქში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალს ითვლიან