ახალციხის “მესხეთის დრამატული თეატრი” ახალქალაქის კულტურის სახლში ახალ სპექტაკლს წარადგენს. მაყურებლებს დასწრება უფასოდ შეეძლებათ, რადგან წარმოდგენა ადგილობრივმა ბიუჯეტმა დააფინანსა.
ახალქალაქის კულტურის სახლში მიმდინარეობს მესხეთის დრამატული თეატრის სპექტაკლი, რომელიც 31 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. წარმოდგენა გადაიდო, რადგან თავიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ ბილეთების დასაფინანსებლად თანხა არ გამოყო. ბიუჯეტის ჩასწორების შედეგად, ჩვენება 2000 ლარით დაფინანსდა. სტუმრებიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაპატიჟა. კულტურის სახლთან აფიშა არ იყო. დარბაზში ციოდა, რითიც შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული ხალხის სიმცირე.
ახალციხის “მესხეთის დრამატული თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი შეკითხვაზე თუ, რატომ არ იყიდებოდა ბილეთები სალაროში, გვპასუხობს:
“ზოგიერთი მუნიციპალიტეტი ასე იქცევა, თვითონ იხდის ბილეთების თანხას და თვითონვე მოჰყავს მაყურებელი, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ქველმოქმედება”,-თქვა ლია სულუაშვილმა.
პიესა “ღია ვერანდა” ქართველ დრამატურგს შადიმან შამანაძეს ეკუთნის. სპექტაკლში ერთი ოჯახის დრამაა ასახული.
მესხეთის დრამატულ თეატრში 20 მსახიობი მუშაობს. აღნიშნულ სპექტაკლში შვიდი მონაწილეობდა.
ახალციხის “მესხეთის დრამატული თეატრი” 1967 წელს დაარსდა.