ფესტივალზე „კავკასია 2022“, რომლის ფინალი ბათუმში გაიმართა, ახალქალაქის კულტურის სახლის დირექტორმა, აშუღმა ალიკ ქსპოიანმა ქართული ქორეოგრაფიის რაინდის ორდენი მიიღო.
ბათუმის არტ- ცენტრში გაიმართა ფესტივალი ”კავკასია 2022”-ის ფინალი, რომელიც 2 ივლისს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ქალაქ ონში დაიწყო, რის შემდეგაც აჭარაში, ქალაქ ქობულეთში გაგრძელდა და ბათუმში დასრულდა. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არაერთი ანსამბლი მონაწილეობდა. ამ ფესტივალის მიზანია ქართული ეროვნული ცეკვების პოპულარიზაცია, სხვადასხვა ეროვნების კულტურების გაცნობა პატივისცემისა და შემწყნარებლობის საფუძველზე. ახალქალაქიდან ფესტივალში ანსამბლი ჯავახკი მონაწილეობდა, ანსამბლთან ერთად გამოვიდა აშუღი ალიკ ქსპოიანიც.
„ორდენი რომ მივიღე- ცალკე სიამოვნებაა, რადგან ამაზე ფიქრიც კი არ შემეძლო. წელს ჩვენ და ანსამბლი თითქოს ყველგან წინა პლანზე ვიყავით, დიდი ყურადღება მოგვაქციეს. ჩემი ბავშვები ძალიან კარგად გამოვიდნენ ქობულეთში, ბათუმში, ძალიან გულთბილად დაგვხვდნენ, იყო ბევრი ოვაცია. ყველაფერი კარგი იყო. სიურპრიზი იყო ჩემთვის „ქართული ქორეოგრაფიის რაინდის ორდენის“ მიღება. იქ ვიმღერე პირველად ჩემს მიერ შექმნილი ქართული სიმღერა“, – ამბობს ალიკ ქსპოიანი.
ალიკ ქსპოიანს ორდენი საქართველოს ქორეოგრაფიულმა საზოგადოებამ საქართველოს ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის და ქორეოგრაფიის სფეროში მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის გადასცა.
ფესტივალზე ანსამბლმა სომხური ცეკვები აშუღის სიმღერაზე შეასრულა, თუმცა ანსამბლ “ჯავახკს” რეპერტუარში ბევრი ქართული ცეკვაც აქვს. კითხვაზე, როგორ არის შესაძლებელი საქართველოში სომხური თემის ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნება, აშუღმა უპასუხა:
„მათ ძალიან მოსწონთ ჩვენი იარხუშტას ცეკვა – ის უფრო მეტად, უკეთ აღიქმება, ვიდრე მაშინ, როცა ქართულ ცეკვებს ვცეკვავთ. ისინი აღნიშნავენ, რომ ჩვენი გუნდი არ განასხვავებს სომხურ და ქართულ ცეკვებს, სიმღერებს, გვაქვს მრავალფეროვანი რეპერტუარი. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ მათ ვუყვარვართ. ამას გადაჭარბების გარეშე ვამბობ. სადაც არ უნდა დაგვპატიჟონ, ნებისმიერ ქალაქში მივდიოდით. რაც შეეხება იმას, რომ ეს სომხური კოლექტივია საქართველოში… თუ სომხური გული და სული გაქვს და შენი ხალხი გიყვარს, იმდენად მიყვარს ჩემი ხალხი, რომ 95%-ით მყოფნის ქართველი ხალხის სიყვარულისთვის. ეს სიყვარული გვაძლევს ჩვენი კულტურის წარმოჩენის სიამოვნებას და ამიტომ სიამოვნებით მიგვიღეს“, – ამბობს ალიკ ქსპოიანი.
მიუხედავად მიღწევებისა, ანსამბლი სირთულეებსაც აწყდება.
„სიძნელეები, რაც გვაქვს, დაკავშირებულია დაფინანსებასთან. როგორც ყოველთვის და ყველგან. წელს თითქმის ყველა ხარჯი ჩვენი მოწაფეების მშობლებმა გაიღეს. მერიამ შეძლო ჩვენი ტრანსპორტით უზრუნველყოფა. უკან დასაბრუნებლად კი, ტრანსპორტი ჩვენ უნდა ვიპოვოთ. მთავარი პრობლემები ამაშია, ახლა კიდევ ბევრი სხვა ჯგუფი ფუნქციონირებს ახალქალაქში, ყველას სჭირდება ყურადღების მიქცევა, დახმარება და დაფინანსება. ეს რთული და არარეალურია“, – ამბობს ის.
ქსპოიანი არის სომეხ მწერალთა კავშირის „ვერნატუნის“ წევრი საქართველოში და დაჯილდოებულია არაერთი მედლით საქართველოდან, სომხეთიდან და რუსეთიდან. 2003 წელს მიენიჭა სომხეთის რესპუბლიკის ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ „ხელოვნების მიმდევრის“ წოდება, 2012 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება, დაჯილდოვდა ორი ორდენით, სომხეთში დაჯილდოვდა მედლებით „მოვსეს ხორენაც“, „კომიტასი“, „საიათ-ნოვა“, „ნაგაშ ოვნათანი“ და „ჯივანი“. აშუღმა კულტურის სახლში დადგა სპექტაკლი „ჩემი ქალიშვილის თაყვანისმცემლები“, რომელიც ნაჩვენები იყო როგორც ნინოწმინდასა და გიუმრში, ასევე ერევანსა და თბილისში.
აშუღ ალიკ ჯავახკი: “სიმღერა დავიწყე ლაპარაკის დაწყებამდე”