ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდისკენ მიმავალი გზა უკვე გახსნილია.
გუშინ, 24 მარტს, სოფელ ოლავერდის მოსახლეობა ახალქალაქის მერიასთან ფეხით მივიდა. სოფელში გზების გაწმენდის მოთხოვნით მათ საპროტესტო აქცია გამართეს. შესრულებული სამუშაოების შემდეგ, დღეს სოფლის გზა უკვე გახსნილია.
ახალქალაქის მერის, მელქონ მაკარიანის თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ სოფელ მოდეგამამდე გზაა ჩაკეტილი.
„მეორე მხარეს, ეროვნული მნიშვნელობის გზაც დაკეტილია, ჯერ ის უნდა გაიხსნას, რომ მერე გავხსნათ გზა სოფელ მოდეგამამდე”, – ამბობს იგი.
შეგახსენებთ, რომ 19 – 20 მარტს, ძლიერი ქარისა და ქარბუქის გამო, რეგიონის თითქმის ყველა გზა ჩაიკეტა.