ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომლებსაც უმაღლესი განათლების საქართველოში მიღება სურთ, არსებობს პროგრამა «1+4», რომელიც საშუალებას იძლევა ზოგადი უნარების გამოცდა მშობლიურ ენაზე ჩააბარონ და ისწავლონ სასურველ უნივერსიტეტში. თუმცა ამ პროგრამით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.
პროგრამა «1+4» 2010 წლიდან ფუნქციონირებს. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ სტუდენტი ერთი წელი სწავლობს ქართული ენის პროგრამაზე, რაც ხელს უწყობს ენის ცოდნის გაღრმავებას, რათა სტუდენტმა შეძლოს შემდეგი ოთხი წელი ისწავლოს ბაკალავრიატზე.
Jnews-მა გაარკვია, რომ ეს პროგრამა მიუწვდომელია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჯავახეთში დაიბადნენ და ცხოვრობენ, მაგრამ აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ისინი ვერ ჩააბარებენ ქართულ უნივერსიტეტებში «1+4» პროგრამით. ჩნდება კითხვა, რა უნდა გააკეთო, თუ გინდა სწავლა გააგრძელო სამშობლოში, მაგრამ ქართული ენის არასაკმარისი ცოდნის გამო (რაც ხანდახან განათლების სისტემის ნაკლოვანებაა) არც მოქალაქეობის მიღება შეგიძლია და არც გამოცდის ჩაბარება?
გრიშა ალმასიანი მე-12 კლასის მოსწავლეა, ის რუსეთის მოქალაქეა. ორჯერ შეიტანა მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობაზე, მაგრამ ორივეჯერ უარი მიიღო. ამ ბოლოს, როცა გაიგო, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაწყებულია, დარეგისტრირება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. საიტმა ავტომატურად აკრძალა რეგისტრაციის პროცესის გაგრძელება და აცნობა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დარეგისტრირდებოდა, თუ საქართველოს მოქალაქე იქნება.
«მინდოდა სწავლა საქართველოში გამეგრძელებინა, მაგრამ რადგან უნივერსიტეტში «1+4» პროგრამით ვერ ჩავაბარებ და სხვაგვარად არ შემიძლია, რადგან არ მაქვს საკმარისი ქართული ენის ცოდნა და მუდმივი სავიზო ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელი საბუთი, გამოცდების ჩაბარების უფლება არ მაქვს».
გრიშა ფაქტობრივად არჩევანის წინაშე დგას: დარჩეს საქართველოში უმაღლესი განათლების გარეშე, ან დატოვოს საქართველო სპეციალობის მიღების მიზნით.
Jnews-მა ამ საკითხზე განმარტება პროექტის ხელმძღვანელ კახა გაბუნიასგან შეეცადა.
«ეს პროგრამა შექმნილია სპეციალურად ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება საქართველოში. წინაპირობაა, მათ ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეობა, სხვა შემთხვევაში არ აქვთ უფლება ქართულ უნივერსიტეტში «1+4» პროგრამით შევიდნენ», – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, სხვადასხვა უნივერსიტეტში სხვა მოქალაქეებისთვის არის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, სხვადასხვა უნივერსიტეტში კი პროგრამები განსხვავებულია.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვა პროგრამები უცხო ქვეყნის მოქალაქეების უნივერსიტეტებში მისაღებად, ქართული ენის ცოდნა აუცილებელია.