უკვე 4 წელია, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, საქართველოს პასპორტის მფლობელებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში მოქალაქეობა აღარ ჩამოერთმევათ. თუმცა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია გარკვეული პროცედურების გავლა, რათა არ დაკარგოთ საქართველოს მოქალაქეობა.
მოქმედი წესების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება შენარჩუნდეს, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამდე განმცხადებელი მიიღებს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ თანხმობას.
ხშირად ჯავახეთის მცხოვრებლები ადვილად იღებენ სომხეთის მოქალაქეობას ეთნიკური წარმომავლობიდან გამომდინარე. სომხეთის მოქალაქეობის მიღების აუცილებლობა კი სომხეთსა და რუსეთს შორის უვიზო რეჟიმიდან მოდის, სადაც ჯავახეთის მცხოვრებლები სამუშაოდ სეზონურად მიდიან. სომხეთის მოქალაქეობის მიღების პროცესს ჩვეულებრივ 6 თვე, ან მეტი სჭირდება.
რაც შეეხება ბავშვებს, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიენიჭათ, მათ ქართულის შენარჩუნება 18 წლამდე შეეძლებათ. ამისთვის ბავშვების კანონიერმა წარმომადგენლებმა აღნიშნული მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლებას წინასწარ უნდა მიმართონ.
ამასთან, მას შემდეგ, რაც მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა ძალაში, უცხოელთა ნატურალიზაცია გაცილებით გართულდა. ქართული პასპორტის ასაღებად, საქართველოს მოქალაქის ქმარმა ქვეყანაში უნდა იცხოვროს არა 2 წელი, როგორც ადრე, არამედ მინიმუმ 5 წელი. სხვა შემთხვევაში ნატურალიზაციისთვის საჭირო ბინადრობის ვადა 10 წლამდე გაგრძელდა (ადრე ეს იყო 5 წელი).
მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმები განსხვავებულია, მაგრამ არსებობს ორი პირობა, რომელსაც ყველა განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს – ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის ცოდნა.
გამონაკლისის სახით მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ მათაც, ვინც ინვესტიცია ჩადო, გეგმავს საქართველოში ინვესტირებას ან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. გამონაკლისის სახით მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს იმ განმცხადებლებსაც, რომლებიც საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევენ, ან თუ მათი წინაპრები საქართველოდან არიან.