აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დატოვა სახმელეთო საზღვრები დაკეტილი – ამჯერად 2024 წლის 2 იანვრამდე. შესაბამისი გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.
ქვეყნის სახმელეთო საზღვრები დაკეტილი რჩება 2020 წლის გაზაფხულიდან. ბაქო აცხადებს, რომ შეინარჩუნებს კარანტინის რეჟიმს კორონავირუსული პანდემიის გამო „სანამ საჭირო იქნება“. მას შემდეგ, რაც ჯანმო-მ მაისში პანდემიის დასრულება გამოაცხადა, აზერბაიჯანმა ორჯერ გააგრძელა გადაწყვეტილება საზღვრების დახურვის შესახებ.
საქართველოდან აზერბაიჯანში შესვლა მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ საჰაერო გზით იყო შესაძლებელი.
აგვისტოში საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა მიმართეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს სახმელეთო საზღვრების გახსნის თხოვნით, რათა ადამიანებს შეეძლოთ ერთმანეთთან გამგზავრება.