შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი დაინიშნა. ახვლედიანი აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

„მას აქვს დიდი და სერიოზული გამოცდილება ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგენლობაში, როგორც ევროპის მიმართულებით ასევე კონფლიქტების მიმართულებით.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის დეოკუპაცია გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან შერიგებაზე, ამიტომ ამ სამინისტროს ფუნქცია და თქვენი პირველ რიგში მოვალეობა და ყველაზე დიდი მისია გახლავთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პროცესის წარმატებით წარმართვა და დასრულება,“ –  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა 2020 წლის მაისში ეს თანამდებობა დატოვა და ავსტრიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

თეა ახვლედიანი 2019 წლის 14 ივნისიდან დღემდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

2014-2019 წლებში ის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ესტონეთში.