საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის. ვახტანგ გომელაურის თქმით, სომხეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია საქართველოსთვის.

შსს-ს ცნობით, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობა ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით.

„რამდენიმე დღის წინ აქ იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, მაგრამ, სამწუხაროდ, „კოვიდ-19“-ის გამო ვერ შევძელი მასთან შეხვედრა. თბილისში, ეკონომიკური თანამშრომლობის სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე გასული წელი შევაჯამეთ. მანამდე, რამდენიმე შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ჩემს მეგობარ ირაკლი ღარიბაშვილთან. ცოტა ხნის წინ სომხეთის პოლიციის უფროსი იმყოფებოდა საქართველოში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა მჭიდროდ ითანამშრომლონ. ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჯანმრთელობა უსურვა.

ვახტანგ გომელაური, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს – ვაჰე ღაზარიანს შეხვდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე ეწვევა სომხეთის სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს.