ახალქალაქის N1 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო გადავიდა. დროებით დაკეტილია ახალქალაქის N1 საბავშვო ბაღიც.
დღეს, 26 იანვარს, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, ეპიდემიის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა N1 სკოლა (თუმანიანის სახელობის), დაიხურა 1-ლი საბავშვო ბაღიც.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სირანუშ ტონაკანიანმა Jnews-თან საუბრისას აღნიშნა, რომ 1-ლი სკოლა დაიხურა იმის გამო, რომ ორ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა, ხუთს კი სიმპტომები აღენიშნებოდა. რაც შეეხება N1 საბავშვო ბაღს, ის დაიხურა, რადგან ძიძას კორონავირუსი დაუდგინდა.
შეგახსენებთ, რომ დაწესებულებები კარანტინის გამოცხადების გამო 8 დღით იკეტება.