2020 წელს მთიანი ყარაბაღის 44-დღიანი ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ, გამყოფ ხაზთან ვითარების პერიოდული ესკალაცია, შეტაკებები და მსხვერპლი ომს მოგვაგონებს. აზერბაიჯანი მაქსიმუმს ცდილობს, სომხეთი ზეგავლენას ეწინააღმდეგება, რუსეთი კი სომხეთითა და აზერბაიჯანით “ჭადრაკს თამაშობს”.

“ჩამქრალი ომის” ხაზი

2020 წლის 9-10 ნოემბრის ღამეს მთიან ყარაბაღში ცეცხლის სრული შეწყვეტისა და საომარი მოქმედებების შესახებ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების შემდეგ სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის პოლიტიკური პროცესები დაიწყო.

ომის შემდგომი პროცესის ქრონოლოგია არა მთიანი ყარაბაღის სტატუსით, არამედ სომხეთის საზღვარზე სამხედრო ოპერაციებით იწყება. მაგალითად, 2021 წლის 12-13 მაისს სომხეთმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სახელმწიფო საზღვრის დარღვევას ცდილობენ ვარდენისის (გეღარგუნიკის ოლქი) და სისიანის (სიუნიკის ოლქი) რეგიონებში.

პოლიტოლოგი, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, ალექსანდრე ისკანდარიანი განმარტავს, თუ ზუსტად სად მოხდა შეტაკებები.

Iskandaryan

“შეტაკებების ადგილი განლაგებულია სომხეთ- აზერბაიჯანის საზღვარზე – ძირითადად სიუნიკი, გეღარკუნიკი და თავუში. აზერბაიჯანის არმიაც ნახიჩევანის მხარესაა, მაგრამ ასეთი დაძაბულობა ჯერ არ ყოფილა. ძირითადად ექსცესები სიუნიქსა და გეღარკუნიკში ხდება, ანუ, ე. წ. ახალი საზღვარი, რომელიც ყარაბაღის ომის შემდეგ გაჩნდა. იქ ჯარია და დროდადრო შეტაკებები ხდება, სომხეთის ტერიტორიაზე შედიან, ხალხი იღუპება და ა.შ.”, – განმარტავს ალექსანდრე ისკანდარიანი.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის მხრიდან განაცხადეს, რომ სომხეთთან საზღვარზე აზერბაიჯანის სასაზღვრო ძალების განლაგების პროცესი 10 ნოემბერს გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და პოლიტიკური განმანათლებლის შაჰინ რზაევის თქმით, პრობლემის სათავეს სომხეთ – აზერბაიჯანის არადელიმიტირებული და ემარკირებული საზღვარი წარმოადგენს.  იღებს.

shahin_rzaev “საზღვარი ჯერ ზუსტად დელიმიტირებული არ არის, აზერბაიჯანული მხარე ამტკიცებს, რომ ეს, რაღაც სადავო სიმაღლეებია. მაშ, შევქმნათ კომისია და ზუსტად გვეცოდინება. ნაბიჯი ხელისუფლების სპეციალურმა წარმომადგენლებმა უნდა გადადგან, რუსი თუ უცხოელი შუამავლების დახმარებით. შექმენით ადგილზე დელიმიტაციის კომისია. ზოგიერთ სომეხ კოლეგას ვეთანხმები, რომ რაღაც მომენტში, სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ყოფილი ტერიტორიის ზოგიერთ ნაწილს ახლა აზერბაიჯანის ჯარები აკონტროლებენ, მაგრამ შესაძლებელია პირიქითაც იყოს“, – განმარტავს შაჰინ რზაევი.

რუსი ექსპერტი, ევრაზიული ანალიტიკური კლუბის ხელმძღვანელი, ნიკიტა მენკოვიჩი მიიჩნევს, რომ ორი სრულიად განსხვავებული თემის გამიჯვნა ყარაბაღში, რუსეთის სტატუსთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია. ეს ეხება მხოლოდ ყარაბაღს და სოფლებს – მხოლოდ იმას, რაც ყარაბაღში ხდება. საზღვარზე არსებული ვითარება სულ სხვა შეთანხმების საგანია.

Mendkovich“რუსეთი სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც ყარაბაღის პროცესის დაწყებამდეც მოუწოდებდა საზღვრის დემარკაციის შესახებ შეთანხმებისთვის მოეწერათ ხელი – მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც საომარი მოქმედებები დაიწყო. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ბევრი სადავო ზონა გვაქვს. არ არსებობს პოსტსაბჭოთა ნორმატიული დოკუმენტები, რომელიც საბოლოოდ დაარეგულირებს ამ საკითხს საზღვრის მონაკვეთზე, რომლის სტატუსიც პოსტსაბჭოთა დროიდან მოყოლებული მხარეებს შორის არ მოგვარებულა. აქ, არც სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერაა საჭირო და, არც არბიტრაჟი“, – აცხადებს ნიკიტა მენკოვიჩი.

“ზანგეზურის დერეფანი”

სახელწოდება “ზანგეზურის დერეფანი” ხშირად, მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ გამოიყენება. 20 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ერევანის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზანგეზურის დერეფნის შექმნაზე  განაცხადა. ვინაიდან იგი აზერბაიჯანის „ეროვნულ, ისტორიულ და მომავალ“ ინტერესებს შეესაბამება. ერევანში კი აცხადებენ, რომ ზანგეზურის დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სიტყვები რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვისკენ მიმართული  შეთანხმებების ჩაშლას ისახავს მიზნად.

პოლიტოლოგი ალექსანდრე ისკანდარიანი განმარტავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში სხვადასხვა ტერმინოლოგიას იყენებენ, ანუ ამ საკითხთან დაკავშირებით მიდგომებიც განსხვავებულია.

„იგულისხმება რკინიგზა და საავტომობილო გზა, რომელიც სომხეთის სამხრეთით ქალაქ მეღრის მახლობლად გადის და მხოლოდ 40 კმ-ია. აზერბაიჯანის მთავარ ტერიტორიას არა ნახიჩევანის ავტონომიურ ტერიტორიასთან, არამედ თურქეთთან დააკავშირებს. აზერბაიჯანს სურს, რომ ამ გზაზე უსაფრთხოება სომხების ხელში არ იყოს. თავდაპირველად თურქეთის მონაწილეობაზეც საუბრობდნენ, ახლა კი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთი, შეიარაღებული ხალხი განიხილება. გზა მთლიანად სომხური მხარის კონტროლის არეში არ მოექცევა. ამას ომის მოგების გამო ითხოვენ. სომხეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის რესურსი საკმარისად არ აქვთ“, – აღნიშნავს ალექსანდრე ისკანდარიანი.

სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანში „უკონტროლო“ გზის მიმართ განსხვავებული მიდგომა აქვთ.

“აზერბაიჯანში არ აცხადებენ, რომ გზა სრულად მათი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ექსტრატერიტორიული დერეფანია, სადაც, მაგალითად, მატარებელი აზერბაიჯანიდან გავა, დაილუქება და ნახიჩევანში ჩავა, სომხეთის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის გარეშე. სომხური მხარე რუსეთთან ერთად უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ლაჩინის დერეფანშიც, რომელსაც სომხეთი არ აკონტროლებს”,  – განაცხადა აზერბაიჯანელმა პოლიტიკურმა ჟურნალისტმა შაჰინ რზაევმა.

აზერბაიჯანის ზეგავლენა 

აზერბაიჯანმა 15 სომეხი პატიმარი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც სომხეთმა აღდამის რეგიონში 97 ათასი ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია გაამჟღავნა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სომხეთის ტერიტორიიდან ნახიჩევანის მიმართულებით მათი შეიარაღებული ძალები დაიბომბა. მანამდე, 30 ივლისს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი პოზიციების დაბომბვაზე გაავრცელეს ინფორმაცია.

16 ნოემბერს სომხეთის სიუნიქისა და აზერბაიჯანის ქელბაჯარის ოლქის საზღვარზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბრძოლა დაიწყო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომეხი სამხედროები აზერბაიჯანის საგუშაგოებს თავს დაესხნენ. ერევანში აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანმა “მორიგი პროვოკაცია” ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრის მიმართულებით დაიწყო…

პოლიტოლოგი, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, ალექსანდრე ისკანდარიანი მიიჩნევს, რომ ომის შედეგად სომხეთში კრიზისი დაიწყო, რომლის გამოყენებასაც აზერბაიჯანი ცდილობს.

“აზერბაიჯანი ცდილობს სამხედრო გამარჯვების ყველა შედეგი წაართვას სომხეთს, რაც სხვადასხვა სახის ზემოქმედებით ხდება, მათ შორის, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობისა და პრეზიდენტის მუდმივი განცხადებები, რომ ყარაბაღის საკითხი მოგვარებულია და ა.შ. ზემოქმედება დიპლომატიურია, რაც პირდაპირ არ ხორციელდება. ვინაიდან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, ძირითადად, მესამე ქვეყნების – რუსეთის მეშვეობით ვურთიერთობთ. ზემოქმედება, რასაც on the ground ჰქვია – უშუალოდ ადგილზე, მუდმივი ქმედებებით  მიმდინარეობს“, – ამბობს პოლიტოლოგი.

მოსაზრებას, რომ აზერბაიჯანი სიტუაციიდან „მაქსიმუმს იღებს“, აზერბაიჯანშიც ეთანხმებიან.

„ვფიქრობ, ამაში სიმართლის დიდი მარცვალია. სანამ სამშვიდობო ხელშეკრულებას არ მოეწერება ხელი აზერბაიჯანს შეუძლია ის უპირატესობა გამოიყენოს, რომელიც შარშანდელ ომში მიიღო, რათა კიდევ უფრო მეტ დათმობაზე წავიდეს სომხეთი. ვიმეორებ, რომ ექსტრატერიტორიული ზანგეზურის დერეფანი სომხეთის სამხედრო ძალებმა უნდა დატოვონ, რათა იქ ადგილობრივი სომხური საპოლიციო ძალები დარჩნენ. აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ ეს შეთანხმების ტექსტის მე-4 პუნქტშია აღნიშნული. ყველაფერი ორაზროვნად წერია, ქვეყნები თავისებურად განმარტავენ“, – ამბობს შაჰინ რზაევი.

Granica 2

დელიმიტაცია და დემარკაცია

2021 წლის 26 ნოემბერს სოჭში სამმხრივი მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის დაიწყო. მთავარი თემა საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაციის კომისიის შექმნა იყო…

რუსეთს კონფლიქტის გარდაქმნა სურს, რათა რაიმე სახის კომისია შეიქმნას და დელიმიტაციის პროცესზე მუშაობა დაიწყონ. დელიმიტაციისთვის კი დემარკაციის დარქმევა ძალიან არაგონივრულია. დელიმიტაცია ძალიან რთული პროცესია. სომეხი პოლიტოლოგის, ალექსანდრე ისკანდარიანის თქმით, სამხრეთ კავკასიაში არ არსებობს შემოსაზღვრული საზღვარი, გარდა ყოფილი სსრკ-ის საზღვრებისა.

თუმცა, დელიმიტაციას კონკრეტული რუკების არარსებობა ართულებს.

„შეუძლებელი და არასერიოზულია დელიმიტაცია ერთ თვეში განხორციელდეს, მაგრამ პროცესი დაიწყება. რუსეთის იდეაა მხარეებმა სცადონ მოლაპარაკება, რათა დავა სპეციალისტების მონაწილეობით, მოლაპარაკების მაგიდასთან, ბარათებით ხელში მიმდინარეობდეს და არა საზღვარზე სროლებით.  რომელი რუკებით? კარგი კითხვაა, რადგან ასეთი რუკები არ არსებობს, ამიტომ ეს ხანგრძლივი პროცესია. ფაქტია, ადმინისტრაციული საზღვრები ძალიან გაურკვეველი იყო. ჩვეულებრივ რუქებზე, არ იყო ობიექტები, მთები, მდინარეები. საბჭოთა დროს ისინი ხელს არ უშლიდნენ. რუკები საბჭოთა მმართველობის პერიოდში ბევრეჯერ შეიცვალა. რა პერიოდი უნდა ავიღოთ საფუძვლად? ყველაფერში გარკვევაა საჭირო: ყოველი მეტრი, კილომეტრი, სიმაღლე, ნაკადი, ბორცვი…“ – აცხადებს ალექსანდრე ისკანდარიანი.

აზერბაიჯანში მიიჩნევენ, რომ დელიმიტაცია და დემარკაცია გასული საუკუნის 20-იანი ან 70-იანი წლების რუქებით უნდა განხორციელდეს.

„ჯერჯერობით ზუსტი საზღვარი არ არსებობს. არ ვიცი, როგორ დაადგენენ 20-იანი ან 70-იანი წლების რუკების მიხედვით და რატომ ამ პერიდის? მაგრამ ასე შეთანხმდნენ. ასეთი ბუნდოვანი ფორმულირება გაჟღერდა სოჭში“, – აღნიშნავს შაჰინ რზაევი.

რუსი ექსპერტის, ნიკიტა მენკოვიჩის თქმით, ტერიტორიის გაყოფა, როგორც სამოქალაქო, ისე საერთაშორისო სამართლის სტანდარტული პრობლემაა. საკითხი მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების, არბიტრების მონაწილეობით უნდა გადაწყდეს. აღნიშნულ შემთხვევაში კი – რუსეთის.

„თითოეული მხარე სადავო ტერიტორიებს საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ეთანხმება. მიმაჩნია, რომ ასეთი დიალოგი სავსებით შესაძლებელია, რადგან ყარაბაღში ბრძოლები, როგორც სომეხი, ისე აზერბაიჯანელი ხალხის მონაწილეობით მიმდინარეობდა. ორივე ქვეყნის ლიდერები ბევრჯერ შეხვდნენ ერთმანეთს მოსკოვში, თუნდაც ერთ მაგიდასთან ისხდნენ.  მიმაჩნია, რომ ვითარება ნაკლებად მწვავეა და მოლაპარაკებაც შესაძლებელია. ერევანი უფრო აქტიური უნდა იყოს. მოსკოვის ფორმატში საკითხის გადაწყვეტას, რუსეთის არბიტრის მონაწილეობით, ერევანს გარკვეულ ტაქტიკურ უპირატესობას ანიჭებს, რადგან მოსკოვი DAS-სა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში მისი მოკავშირეა“, – აცხადებს ევრაზიული ანალიტიკური კლუბის ხელმძღვანელი, ნიკიტა მენკოვიჩი.

Granica

რუსეთის პოლიტიკა – სომხეთი თუ აზერბაიჯანი?

2021 წლის 17 ნოემბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებები რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, სურენ პაპიკიანსა და ზაქირ ჰასანოვს შორის მოლაპარაკებების შემდეგ შეწყვიტეს…

ალექსანდრე ისკანდარიანის თქმით, სომხეთმა და რუსეთმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მოილაპარაკეს. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, სამმხრივი განცხადების მიხედვითაც ყარაბაღის უსაფრთხოებას რუსი სამშვიდობოები უზრუნველჰყოფენ.

“და ეს არ არის ყარაბაღი – ეს არის სომხეთის რესპუბლიკა. რუსეთის ინტერესები სომხეთში, რაღაც მხრივ  ემთხვევა, ზოგში კი არა. რა თქმა უნდა, რუსეთს სჭირდება, რომ ეს საზღვარი მეტ-ნაკლებად მშვიდი, მეტ-ნაკლებად რისკის გარეშე იყოს, ისე რომ ყოველ ჯერზე, როცა ძროხების ნახირს მოიპარავენ, თვითონ არ იყოს ამით დაკავებული. ეს თავის ტკივილია. რა თქმა უნდა, რუსეთს არ სურს ეს ყველაფერი. სომხეთთან ინტერესები ემთხვევა, მაგრამ სად იქნება ეს საზღვარი რუსებისთვის, ვინც გააკონტროლებს სევ ლიჩს (შავი ტბა, სომხურიდან), ან შურნუხს (სიუნიკის ოლქის სოფელი), შურნუხის გზას ან გზის სხვა ნაწილს, ან რომელიღაც კვადრატულ კილომეტრს – რუსებისთვის ეს სულ ერთია. ვინ იცავს ” სევ ლიჩს “ყარაბაღელი ხალხი თუ სომხეთის ფედერაცია, თუ აზერბაიჯანი, რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია ამ საზღვარმა სადმე გაიაროს. სომხეთის შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანია, აქვს ეკონომიკური მნიშვნელობა, უსაფრთხოების თვალსაზრისით და ა.შ. ჩნდება პრობლემები, რადგან რუსეთი არ არის მზად ყოველ მეტრზე დაძაბულობისთვის“, – ამბობს პოლიტოლოგი, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, ალექსანდრე ისკანდარიანი.

შაჰინ რზაევის თქმით, რეგიონულ „არბიტრს“ – რუსეთს, ახლა აზერბაიჯანთან ფლირტის პერიოდი აქვს.

“რუსეთი ახლა ცდილობს იყოს მთავარი მოთამაშე რეგიონში. მან უკვე იყიდა სომხეთი. რუსეთს ეკუთვნის  გაზსადენიც და სატრანსპორტო კვანძებიც, სატრანსპორტო კომპანიები. რუსეთის დიდი გავლენაა სომხეთში. აზერბაიჯანში კი უნდა გაძლიერდეს. აზერბაიჯანში რუსული ჯარები არ არის, გაბალაში იყო ბოლო რადიოსადგური, სთხოვეს გასვლა. ახლა სწორედ ამ სამშვიდობო ძალების მეშვეობით სურს რუსეთს აზერბაიჯანის ჩართვა პუტინის პროექტებში, როგორიცაა ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობა ან საბაჟო კავშირი და მომავალში შესაძლოა იოცნებონ უსაფრთხოების კოლექტიური შეთანხმების ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, თუმცა თურქეთის გამო, ეს შეუძლებელი იქნება. მაგრამ ცდილობენ აზერბაიჯანის ჩართვას თავისი სრული, დიდი გავლენის სფეროში“, – ამბობს აზერბაიჯანელი პოლიტიკური ჟურნალისტი შაჰინ რზაევი.

რუსეთი მთლიანად ეყრდნობა მთიანი ყარაბაღის ორ, ან სამმხრივ ხელშეკრულებას. მაგრამ მოქმედებს როგორც მშვიდობისმყოფელი, – დარწმუნებულია ნიკიტა მენკოვიჩი. ამ დროისთვის რუსეთი არის პასუხისმგებელი სიტუაციის სტაბილიზაციაზე და რეგიონში კომუნიკაციების დაცვაზე.

„აქამდე რუსეთი მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებდა სომხეთს მისი მთლიანობის აღიარებულ საზღვრებში, ვიმეორებ, ბოლოდროინდელი კონფლიქტები საზღვრის სადავო მონაკვეთებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩარევით სწორედ ამ დროს შეწყდა. იქ, არც ბომბდამშენი და, არც სადესანტო ჯარები არ გაგზავნილა, საქმე შემოიფარგლა თავდაცვის სამინისტროს განცხადებით და პირდაპირი მოწოდებებით ორი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან. მაგრამ ბაქოს პოზიცია გასაგებია, ბაქო ნამდვილად იმედოვნებს, რომ სომხეთი ნამდვილად გაიწევს დასავლეთისკენ, საბოლოოდ გაწყვეტს ურთიერთობას  რუსეთთან და ამით, ნამდვილად დაკარგავს სომხეთის ყველაზე რადიკალური ნაციონალისტების მხარდაჭერას. მაგრამ ბაქო, ბუნებრივია ისწრაფვის მოვლენის ასეთი განვითარებისკენ, რაც ლოგიკურია, დამეთანხმებით“, – ამბობს ის.

სანამ აზერბაიჯანი თავისი მიზნებისთვის ხორცშესხმას ცდილობს, სომხეთი კი წინააღმდეგობას ძლივს უწევს, რუსეთი ჭადრაკის დაფაზე მეფეებს ცვლის, ზედმეტად ოპტიმისტურია რეგიონში სიმშვიდისა და მშვიდობის მოლოდინი.

კონფლიქტის ფონი: ეთნოპოლიტიკური კონფლიქტი ამიერკავკასიაში აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის მთიანი ყარაბაღის გამო. ეთნიკური კონფლიქტი გარდაქმნის წლებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ეროვნული მოძრაობების მკვეთრი ზრდის ფონზე, 2020 წელს გამწვავდა, თუმცა, გამყოფ ხაზთან დროდადრო იძაბება ვითარება, რასაც უამრავი სიცოცხლე მიაქვს.