27 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„ძალიან შეშფოთებული ვარ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით. მოვუწოდებთ მშვიდობისკენ. სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენს რეგიონში საერთო პირობაა“, – წერს ზურაბიშვილი.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.
27 სექტემბრის დილას, აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ოთხი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და 14 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც.
ამასთან, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. არცახის ომბუდსმენის, არტაკ ბეგლარიანის თქმით, მშვიდობიან მოსახლეობას შორის არის მსხვერპლი, დაზიანებულია საქალაქო ინფრასტრუქტურის, ორი მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული: 1 ქალი და 1 ბავშვი, 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაჭრილია.