საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია 19 დეკემბერს „ლა სენ მუსიქალის“ სცენაზე მეორე ნომრად წარდგება.
19 მონაწილე ქვეყნის რიგითობა დღეს გახსნით ცერემონიაზე გახდა ცნობილი. ხვალიდან კი კონკურსანტები პირველ რეპეტიციებს დიდ სცენაზე გაივლიან.
პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ნიკოლოზ ქაჯაია საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერით „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets count the smiles) წარდგება.
რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყანა მიიღებს. ტრადიციულად, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
17 დეკემბრის 23:00 საათიდან კი საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე Junioreurovision.tv ხმის მიცემა დაიწყება.