15 ნოემბერს ახალქალაქის ახლადარჩეულმა მერმა მელქონ მაკარიანმა მოადგილეები მკრტიჩ მღდესიანი და თეიმურაზ მჭედლიძე დანიშნა. ორივე მოადგილე მერიის თანამშრომელია.
მკრტიჩ მღდესიანი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი იყო, თეიმურაზ მჭედლიძე კი – მერიის კონტროლის სამსახურის უფროსი.
თეიმურაზ მჭედლიძემ შალვა ბალახაძე ჩაანაცვლა, რომელიც ზედიზედ 21 წლის განმავლობაში რჩებოდა მერის პირველ მოადგილედ ან გამგებლად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 5-6 ადამიანი იმყოფებოდა.
მკრტიჩ მღდესიანმა არმენ მარანგოზიანი შეცვალა, რომელიც ყოფილი მერის მეორე მოადგილე იყო და იქ 2017 წლიდან მუშაობდა.
კითხვაზე, თუ რატომ აირჩიეს ეს ადამიანები, მერმა განაცხადა:
„პირველი, ისინი კარგი ადამიანები არიან და მეორეც, თავიანთი ნამუშევრებიდან გამომდინარე – პროფესიონალები, რაც მათ წლების განმავლობაში აჩვენეს“.
დარჩებიან თუ არა ყოფილი დეპუტატები მერიის თანამშრომლებად, ამ კითხვაზე შემდეგნაირად უპასუხეს:
„ეს საკითხი ჯერ კიდევ განიხილება. ჩვენი დევიზის მიხედვით, არ გვინდა, რომ გუნდიდან ვინმე განაწყენებული დარჩეს. ყველას თავისი შესაფერისი სამუშაო ექნება მერიაში თუ მის გარეთ”.
ახალი მოადგილეების, ანუ კონტროლის სამსახურისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობები კვლავ ვაკანტურია და კონკურსი მალე გამოცხადდება.