60 წელს ზემოთ მოსახლეობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია რომ მეტ მხარდაჭერას საჭიროებს, სტატისტიკის გარდა, მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაწყებული წამახალისებელი კამპანიებიც მეტყველებს. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასაკია ის, რაც „კოვიდ-19“-ის მიმდინარეობის სიმძიმეს განსაზღვრავს. “ჩემს ასაკში კვდებიან, პირველ რიგში” – თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, 4 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ვაქცინირებულ ადამიანთა რაოდენობის გაზრდისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინაციის წახალისებისთვის სხვადასხვა სახის კამპანია აწარმოოს, მათ შორის, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს, პირველადი აცრის შემთხვევაში, მთავრობა ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება.

 

ვინ მიიღებს მთავრობისგან საპენსიო დანამატს?

 

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პენსიონერები, რომლებიც 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, მთავრობისგან  ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით საპენსიო დანამატს მიიღებენ.

როდის და როგორ მიიღებთ საპენსიო დანამატს?

 

საკოორდინაციო საბჭოს დადგენილება 8 ნოემბერს შევიდა ძალაში. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გოგოძე აცხადებს, პირველ ეტაპზე, რომელიც მოიცავს 8-15 ნოემბერს, დანამატის მიმღებ ადამიანთა მონაცემები მომსახურების სააგენტოს 15 ნოემბრის დღის ბოლოს გადაეცემა. 5 სამუშაო დღის განმავლობაში კი პენსიონერებს „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დაერიცხებათ 200 ლარი. დაანგარიშების მომდევნო თარიღი  1 დეკემბერი იქნება. რაც შეეხება 60-დან 65-წლამდე მამაკაცებს, რომლებიც საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნებიან, სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ყველა მათგანის სახელზე სოციალური ანგარიში გაიხსნება. ამრიგად, 60-65 წლის მამაკაცები კუთვნილი თანხის მიღებას „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში, პირადობის მოწმობით, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეძლებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ კამპანია 31 დეკემბრამდე გრძელდება და თარიღები საახალწლო დასვენების დღეებს ემთხვევა, 28-29-30-31 დეკემბერს აცრილი მოქალაქეები საპენსიო დანამატს უკვე 2022 წლის იანვრის დასაწყისში მიიღებენ.

 

 

რა ხდება, თუ ერთი დოზით უკვე აცრილი ხართ, ან ე.წ. ბუსტერ დოზას იკეთებთ და 60 წლის ან მეტის ხართ

 

60 წლის ან ზემოთ მოქალაქე, რომელიც უკვე აცრილია პირველი დოზით ან სრულად ვაქცინირებულია და „ბუსტერ დოზას“ იკეთებს, ერთჯერად დანამატს ვერ მიიღებს. 200 ლარს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრება.

 

საქართველოში 60 წელს ზემოთ ასაკის 796 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. ბოლო მონაცემებით, მათგან ორი დოზით აცრილია 276 678 ადამიანი, ანუ 34,7%. მაშინ როცა საპენსიო ასაკის ადამიანები პანდემიის პერიოდში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, მათგან  ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ვაქცინირებული არ არის. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სწორედ აღნიშნულის გამო არის ჩვენს ქვეყანაში  ლეტალობის მაჩვენებელი მაღალი.

საქართველოში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელია „ფაიზერის”, „სინოვაკისა” და „სინოფარმის” ვაქცინებით.