ახალქალაქის მე -2 და მე -4 საჯარო სკოლებში დღეს საგანმანათლებლო პროცესი შენობებში განახლდა. ქალაქში არსებული 5 საჯარო სკოლიდან გაკვეთილებს 3 სკოლა ატარებს, თუმცა მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასწრების მაჩვენებელი დაბალია.
ახალქალაქის N5-ე სკოლიდან 2-სკოლაში სწავლა გრძელდება დისტანციურად Teams-ის პლატფორმის გამოყენებით. №2 რუსული და №4 სკოლა (დემირჩიანის სახ.) დღეს ჩვეულ რეჟიმზე გადავიდნენ.
მე –4 სკოლამ (დემირჩიანის სახ.) დღეს, კვირანახევარი ონლაინ მეცადინეობის შემდეგ, მოსწავლეები მიიღო. თუმცა, სკოლის დირექტორის, ნათელა გრიგორიანის თქმით, ბევრი არ ესწრება.
“სკოლაში დასწრების მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. სკოლაში მხოლოდ 200 მოსწავლეა”, – ამბობს ნათელა გრიგორიანი.
მე-4 სკოლაში 625 მოსწავლე სწავლობს.
სწავლა დღეს N2 რუსულმა სკოლამაც განაახლა.
“თითო კლასში 10 ადამიანია, მასწავლებლებს შორის ბევრია ავადმყოფი, დღეს არ მოსულან, სწავლობენ ონლაინ რეჟიმში”, – ამბობს N2 სკოლის დირექტორი ანაიდა ლომსაძე.
რუსულ სკოლაში 627 მოსწავლეა.
N1 სკოლამ (თუმანიანის სახ.) საკლასო ოთახებში სწავლა ერთი კვირის წინ განაახლა, თუმცა, მოსწავლეების დასწრების მაჩვენებელი დაბალი რჩება. სკოლაში 449 მოსწავლე სწავლობს.
„დასწრების მაჩვენებელი ძლივს აღწევს 50%-ს. მასწავლებელი დილით სკოლაში ატარებს გაკვეთილს, შუადღისას კი, ონლაინ. მასწავლებელი არ არის ვალდებული ორჯერ იმუშაოს, ორმაგ ხელფასს ვერ გადავიხდი. ხოლო მეორე მხრივ, რამდენად სწორია, მაგალითად 20 მოსწავლოდან 10 სწავლობდეს. შევატყობინე, რომ ძალიან დაბალი დასწრების მაჩვენებელი გვაქვს, მითხრეს, რომ, ვინც მოდის იმათ ასწავლეთო, მაგრამ არაეფექტიანია, ასეთ ვითარებაში მუშაობა შეუძლებელია. არიან მოსწავლეები, რომელთა ოჯახის წევრები ავად არიან და სკოლაში მოდიან, ამის გაკონტროლება შეუძლებელია, არეულობაა”, – განაცხადა N1 სკოლის დირექტორმა, რუზანა ტეპოიანმა.
მე-5 სკოლაში (ინტერნატი) და მე-3 (ქართული) კვლავ სწავლობენ ონლაინ რეჟიმში.
სოფლის სკოლებიდან ონლაინ რეჟიმშია სოფელ ვაჩიანის, კოთელიას, ტურცხის, ალასტანის, მერენიასა და ვარევანის სკოლები, დანარჩენები სწავლას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.