კარტოფილის გაზრდილმა ფასმა სოფლის ბევრ მცხოვრებს აიძულა კარტოფილის ნაადრევი მოკრეფა დაეწყო, რადგან კარტოფილი მინდვრიდან საკმაოდ მაღალ ფასად იყიდება. ჯავახეთში ბევრმა გლეხმა ფინანსური პრობლემების გამო ნაადრევად დაიწყო მოსავლის აღება.

აგრონომი სლავას თქმით მაღალი ფასი დაბალ მოსავალს კომპენსირებას უკეთებს:

„ამჟამად 20 თეთრით მეტს იხდიან, ჯერჯერობით ეს ფასი რჩება. პროდუქტი თბილისში მიმაქვს და გაყიდვას არ ვჩქარობ, არც ბაზარში ვდგავარ – სახლების ეზოებში ვყიდი. მართალია, დედაქალაქში ერთი დღით დარჩენა მიწევს, მაგრამ უფრო მაღალ ფასად ვყიდი.”

წელს ახალქალაქში კარტოფილის მოსავლის აღება აგვისტოში დაიწყო. ძირითადად, კარტოფილის ადრეულ მოსავალს ის ადამიანები იღებენ, რომლებსაც ფინანსები სჭირდებათ. ბანკებში სესხების დაფარვის დრო ახლოვდება. რასაკვირველია, არიან ისეთებიც, რომელთა ნათესებიც დროზე ადრე დამწიფდა.

“სესხი მაქვს, რომლის დაფარვისთვის კარტოფილი აუცილებლად თბილისში უნდა წავიღო, რათა დროულად გადავიხადო, რომ პროცენტი არ გაიზარდოს. ადგილზე ჯერ მყიდველები არ არიან, თბილისში დიდხანს ვერ დავრჩებით. სასურველ ფასს ვასახელებთ, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ არავინ მოდის, იმ ფასში გაყიდვას ვიწყებთ, რომელიც მყიდველებს სურს”, – განმარტავს სამველი, ერთ-ერთი მეკარტოფილე.

გასულ წლის სექტემბერში კარტოფილის ფასი 50-60 თეთრის ფარგლებში მერყეობდა, წელს ფასი  20 თეთრით გაიზარდა და 70-80 თეთრი გახდა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მოსავლის გაყიდვა 90 თეთრიდან 1 ლარამდე შეძლო.

ახალქალაქის ბიზნესცენტრის დირექტორი, მახარე მაცუკატოვი კარტოფილის ფასების რყევების მიზეზს განმარტავს.

”კარტოფილის ფასი თავდაპირველად 90, 80 და 75 თეთრი იყო, ახლა კი, როდესაც მასობრივი მოსავლის აღება დაიწყო, ფასმა 60-55 თეთრამდე დაიკლო. ამ პერიოდში კარტოფილს თითქმის ყოველწელს იგივე ფასი აქვს. ვფიქრობ, ოქტომბერში ფასი კვლავ მოიმატებს და 80 თეთრი გახდება. ბაზარი გვაჩვენებს კარტოფილის ფასი მომავალში რა იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იმაზეა დამოკიდებული კარტოფილი საზღვარგარეთიდან შემოდის თუ არა”, – აცხადებს მახარე მაცუკატოვი.

სპეციალისტის თქმით, წელს კარტოფილის დათესილი ფართობი გასულ წელთან შედარებით არ გაზრდილა.

”შეიძლება ითქვას, რომ კარტოფილი დათესილია იმავე რაოდენობით და საშუალო მოსავალიანობაც კარგია. სეტყვის გამო, ბევრ სოფელში ხალხმა მინდვრების მორწყვა ვერ მოახერხა. სხვა მხრივ, წელს კლიმატური პირობები უკეთესი იყო“, – განმარტა მახარე მაცუკატოვმა.

ბიზნესცენტრის დირექტორის განმარტებით მოსავლისთვის კლიმატურ პირობებს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები აქვს. ერთის მხრივ, ტენიანობა კარტოფილის ზრდას ხელს უწყობს, მეორე მხრივ, მას კარტოფილის დაავადებები – ფიტოფტორია, ალტერნარიუსი და რიზოქტერიოზი, “შავი ფეხის” ბაქტერიები მოჰყვება.

იმ გლეხებს, რომლებიც თავიდანვე ებრძოდნენ ამ დაავადებებს, ახლა დაავადებული კარტოფილის პრობლემა არ აქვს. ამჟამად კარტოფილი ახალქალაქიდან რუსეთში გადის, ფასი კილოგრამზე 60-დან 80 თეთრამდე მერყეობს.

”მონაცემების თანახმად, რუსეთში, ტულაში წელს მოსავალი არ აქვთ და ჩვენ შეგვიძლია ეს ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. თუ თურქეთიდან საქართველოში კარტოფილი იაფად ჩამოვა, ჩვენ ბაზარი რუსეთში გვექნება. ან რუსეთი თურქეთიდან შემოიტანს კარტოფილს და ჩვენს კარტოფილს ადგილზე გავყიდით ”, – განაცხადა ახალქალაქის ბიზნესცენტრის დირექტორმა.