ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 24 წლის ქალი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის კოვიდგანყოფილების მენეჯერმა, მამია ყიფიანმა განუცხადა, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში 20 აგვისტოს ბათუმიდან შეიყვანეს.

გადაუდებელი მდგომარეობის გამო 36 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს. პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა.

კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას ფილტვების 70 პროცენტი ჰქონდა დაზიანებული.

„20 აგვისტოს კატასტროფის ბრიგადის მიერ ბათუმის სამშობიარო სახლიდან იქნა გადმოყვანილი 24 წლის გოგო, 36 კვირის ორსულობის ვადაზე, ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით. ჩვენთან ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად, ფილტვის დაზიანების ინდექსი იყო 17 ქულა. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა საკეისრო კვეთა. დაიბადა მდედრობითი სქესის ახალშობილი, რომელიც მოთავსდა ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკეისრო კვეთის ჩატარების შემდეგ მელოგინე გადაყვანილი იქნა რეანიმაცია-ინტენსიურ განყოფილებაში. CPAP მხარდაჭერით რამდენიმე დღე გადიოდა მკურნალობას. მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, გუშინ ეს ქალბატონი გარდაიცვალა. ქალბატონი აცრილი არ იყო, რა თქმა უნდა. როგორც ხედავთ, ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ დამძიმდა სიტუაცია, ორსულებსა და მელოგინეებში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს კოვიდინფექცია. ეს კიდევ ერთი სამწუხარო მაგალითია იმისა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ყველა ორსულის აცრა“, – განაცხადა მამია ყიფიანმა.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული. რაც შეეხება ახალშობილს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.