საშუალო ასაკის, განათლებული, ადამიანური მამაკაცი, ვინც მოსახლეობის პრობლემებზე ფიქრობს- ასე წარმოიდგენს მოსახლეობა ქალაქ ახალქალაქის იდეალურ მერს. JNEWS-მა გამოკითხვა ქალაქის მოსახლეობას შორის ჩაატარა – როგორი უნდა იყოს ამ თანამდებობის ადამიანი.

საქართველოში 2 ოქტომბერს მუნიციპალური არჩევნები გაიმართება. მერისა და საკრებულოს დეპუტატებს, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, ასევე ახალქალაქშიც აირჩევენ.

ხანდაზმულთა აზრი

გამოკითხული ახალქალაქის ხანდაზმული მოსახლეობის უმეტესობამ აღნიშნა, რომ მერი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ადამიანური. ასაკი, ბევრის აზრით, არ არის მნიშვნელოვანი. თუმცა იყვნენ ხანშიშესულნიც, რომლებსაც ახალგაზრდა მერის ნახვა სურთ.

”უპირველეს ყოვლისა, ის უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი. ეს არის ყველაზე რთული პროფესია. თუ ის იქნება ადამიანური, ეს ნიშნავს, რომ თავის საქმიანობას ადამიანურად, ადამიანებისთვის ეწევა. ”

“მას უნდა ჰქონდეს ადამიანური მიდგომა.”

”რაც უფრო ახალგაზრდაა, მით უკეთესი. მოხუცებს მერად აქცევენ, ეს რაში გვადგება? ”

”არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყურება, გვინდა, რომ ქალაქს მიხედოს”, – ამბობენ ხას ბახჩას პარკში მსხდომი მამაკაცები.

”ის უნდა იყოს ადამიანური, განათლებული. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციოს ადამიანების პრობლემებს”, – აღნიშნავს მოხუცი ქალი.

ახალგაზრდები

ახალქალაქის ახალგაზრდა მცხოვრებლებმა ყურადღება კულტურულ გართობაზე გაამახვილეს. მაგრამ, სხვა რესპონდენტების მსგავსად მერის აუცილებელი მახასიათებლად გულთბილობა დაასახელეს.

”თუ ხდებიან მერი, არ უნდა ისხდნენ მხოლოდ თანამდებობისთვის. უნდა ააშენონ ახალი ადგილები ქალაქში, რადგან მხოლოდ ბაღი და ეკლესია გვაქვს. ის აუცილებლად განათლებული უნდა იყოს”.

”ტყუილი დაპირებები არ უნდა მოგვცეს. თუ ადამიანი ბევრ დაპირებას იძლევა, მაშინ არც ისე საიმედოა. მთავარია საქმით გვაჩვენონ. არ უნდა იყოს ამაყი, ნებისმიერი ადამიანის მდგომარეობაში უნდა შევიდეს. ჯავახეთის მკვიდრმა უკეთ იცის რეგიონის პრობლემები და უკეთესი წარმოდგენა აქვს მათ გადაჭრაზე. უნდა უზრუნველყოს, რომ დახმარებამ ბენეფიციარებემდე მიაღწიოს და ჯანდაცვა განავითაროს“.

”ძლიერი მმართველი უნდა იყოს, რათა ყველამ თავისი საქმე აკეთოს და არა ერთმა ადამიანმა ყველასი. მნიშვნელოვანია იყოს კომუნიკაბელური, როგორც ახალგაზრდებათან, ასევე უფროსებთან. სხვისი აზრი მოსმენა შეეძლოს. რასაკვირველია, უნდა იყოს კეთილი, მაგრამ ამავე დროს მკაცრი, ისე რომ უყვარდეთ და პატივს სცემდნენ.”

“მოუსმინოს ხალხს, რა პრობლემები აქვთ და მოაგვაროს ისინი – არ გადადოს შემდეგისთვის”.

”იდეალური მერი არის ის, ვინც ყველაფერს აკეთებს ქალაქისთვის და თავისი ხალხისთვის. მაგალითად, ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ამბობს, რომ რაღაც საკითხით მიმართეს, მაგრამ მერის კაბინეტი გულგრილი დარჩა. ასაკის შესაბამისი გამოცდილება უნდა ჰქონდეს“.

”ყველაზე მნიშვნელოვანია ყველას ვითარებაში შესვლა და ეს არ უნდა იყოს ცარიელი დაპირებები. ნამდვილი მერი უნდა იყოს უბრალო ადამიანი, რათა თვალი გაუსწოროს სირთულეებს და არა “ნაცნობობით” მისცენ თანამდებობა. ასაკი არ არის მნიშვნელოვანი, ზრდასრულ ადამიანს გამოცდილება აქვს, ხოლო ახალგაზრდა უფრო ინოვაციურად, თანამედროვედ ფიქრობს. მე ყურადღებას მივაქცევდი განათლებას და ქალაქის კულტურული განვითარების სფეროს ”.

„მერი უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივ მოსახლეობასთან გულწრფელი უნდა იყოს. დაინტერესდეს ძირითადი ადგილობრივი პრობლემებით, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია და სწრაფ გადაწყვეტას საჭიროებს. ახალი კანონების მიმართ ყურადღებიანი უნდა იყოს, რათა იცოდეს საკუთარი უფლებები და მოვალეობები, რათა პროფესიონალურად იმუშაოს”.

საშუალო ასაკის ადამიანები

საშუალო ასაკის ქალმა და მამაკაცმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველაზე მეტად ქალაქის მერი მოსახლეობის გაჭირვებულ ფენას ყურადღებას უნდა უთმობდეს.

”მერი არ უნდა იყოს ძალიან ახალგაზრდა და არც ძალიან ასაკოვანი. უნდა იყოს სწრაფი, მოუსმინოს მოსახლეობის საჭიროებებს და, თუ ეს შესაძლებელია, დააკმაყოფილოს ისინი. უპირველეს ყოვლისა, მან ყურადღება უნდა მიაქციოს ღარიბებს და მხარი დაუჭიროს. უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება და ადამიანებთან მუშაობის გამოცდილება “.

”პირველ რიგში, განათლებული, მომთმენი, კარგი მსმენელი. რა თქმა უნდა, უნდა იყოს მამაკაცი. მაქსიმალურად უნდა ესმოდეს გარშემო მყოფთა პრობლემები. ჯობია იყოს საშუალო ასაკის, რადგან ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდეს”.

” ხალხს უნდა ემსახუროს. უნდა იყოს ჭკვიანი, ინტელექტუალური, 30 წელზე მეტი ასაკის“.

”35 წლიდან ზევით, აუცილებლად ღირსეული ადამიანი, უყვარდეს თავისი ხალხი და ქალაქი. მინდა, პირველ რიგში, კულტურის სფერო განვითარდეს ”.

”ენერგიული, საკუთარი საქმის მოყვარული. განათლებასა და ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია მისი საქმე ესმოდეს. ყურადღება უნდა მიაქციოს ქალაქის საჭიროებებს და უპასუხოს მათ. გაჭირვებულებს დახმარება აღმოუჩინოს”.

”თუ ადამიანებზე, მოსახლეობაზე იფიქრებს და არა საკუთარ თავზე, მაშინ იდეალური მერი იქნება. უნდა იყოს რეგიონიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება. ყველაზე მეტად სოციალურად დაუცველ ოჯახებზე უნდა იზრუნოს ”.