ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს ცისანა შერგილაშვილს საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ჯილდო აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გადასცა.
შერგილაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ის აღიარებულია სამცხე-ჯავახეთში საუკეთესო დამწყებ მასწავლებლად კითხვის სწავლებაში (ქართული ენა და ლიტერატურა).
“თავიდან ორგანიზებული იყო ტრენინგები, რომელსაც ჩვენს რეგიონში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მართავდა, შემდეგ მთელს საქართველოში გამოცხადდა “რეგიონალური კონკურსი მასწავლებლის აღიარების მისანიჭებლად”, სადაც მონაწილეობაზე შევიტანე განაცხადი. ჩემი კანდიდატურა განიხილეს და ამის შემდეგ გამოაცხადეს, რომ გავხდი ერთ-ერთი გამარჯვებული”, – განუცხადა Jnews-ს ცისანა შერგილაშვილმა.
ის დიდი შთაგონებით ყვება იმ დღის განცდის შესახებ. იმ ფაქტმა, რომ საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა, მას სიამაყე და ბედნიერება მოუტანა. მიიჩნევს, რომ მსგავსი კონკრსები დიდი სტიმულია მასწავლებლისთვის, მაგრამ პირველ რიგში, მასწავლებელმა უნდა შეასრულოს თავისი სამუშაო მთელი სულით და დიდი სიყვარულით.
“არასდროს მიმუშავია იმისთვის, რომ შემამჩნიონ. ჩემს სამუშაოს სიამოვნებით ვაკეთებდი და ამის მადლიერი ვარ, რომ ჩემი შრომა სათანადოდ დაფასდა”, – ამბობს ცისანა შერგილაშვილი.
მასწავლებლის პროფესიის გარდა ის ჟურნალისტიც არის. ჟურნალისტის პროფესია ცისანას არანაკლებ უყვარს, მაგრამ, როცა საკლასო ოთახში პირველად შევიდა, მიხვდა, რომ მასწავლებლობა მისი მოწოდებაა.
“საუკეთესო, რაც შეუძლია გააკეთოს ადამიანმა – სხვას მისცეს ცოდნა, რომელიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება”.
“მასწავლებელთა აღიარების რეგიონულ კონკურსზე” სამცხე-ჯავახეთიდან სულ 6 მასწავლებელი დააჯილდოვეს, მათ შორის 2 ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან. ერთი მათგანი – სილვია ბერუჯანიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთიდან არის.
“მასწავლებელი, რომელსაც არ უყვარს ბავშვები ვერ იქნება პედაგოგი”