JNEWS-ი ქვემო ქართლის რეგიონის იმ სომეხ სტუდენტებს ესაუბრა, რომლებიც თბილისში სწავლობდნენ, თუმცა, მეტად თუ ნაკლებად, ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია და კომუნიკაცია მაინც გაუჭირდათ. მათ იდენტობის შენარჩუნებასა და საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვაზე ისაუბრეს.
JNEWS: ქართულ საზოგადოებაში რამდენად ინტეგრირებულად თვლით თავს?
ედიკი, მარნეულის რაიონის სოფელი შაუმიანი.
ქართულ საზოგადოებასთან ადაპტირებით და სახელმწიფო ენის ათვისებით, თავს ინტეგრირებულად ვგრძნობ. აღვნიშნავ, რომ ეს არის ქართული საზოგადოების პოზიტიური განწყობის შედეგიც არის.
კარინა, წალკის რაიონი სოფელი გზქილი.
საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და სახელმწიფო ენის ცოდნის კომპლექსების მიუხედავად, თავს ინტეგრირებულად ვთვლი.
ერიკი, მარნეულის რაიონის სოფელი კიროვკა.
სახელმწიფო ენის უცოდინრობა სრულ კომუნიკაციას აფერხებდა, ამიტომ თავს სრულყოფილად ინტეგრირებულად არ ვთვლი. ქართული ენა ჯერჯერობით სრულად არ ვიცი.
JNEWS-ის სამივე რესპონდენტი თვლის, რომ ინტეგრაცია საზოგადოების სრულფასოვანი წევრობას და ამ საზოგადოების წესებით ცხოვრებას ნიშნავს.
JNEWS: რა იცით საქართველოს სხვა დასახლებებში მცხოვრები სომხების და მათი პრობლემების შესახებ, განსხვავდება თუ არა თქვენი პრობლემები მათგან?
ედიკი, მარნეულის რაიონის სოფელი შაუმიანი.
ვფიქრობ, საქართველოს სომხურ დასახლებებში სომხური სახელმძღვანელოების ნაკლებობა აქტუალური თემაა, რადგან ამან მშობლიური ენის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვია. ზოგიერთმა სომეხმა სომხურად წერა-კითხვაც არ იცის.
კარინა, წალკის რაიონის სოფელი გზქილი.
ყველაზე მტკივნეული გაუცხოება და და მონატრებაა.
ერიკი, მარნეულის რაიონის სოფელი კიროვკა.
სომხური თემის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა მიგრაციაა, რამაც საქართველოში სომხების რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა.
JNEWS: როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთონ სომხურმა თემებმა საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად?
ედიკი, მარნეულის რაიონის სოფელი შაუმიანი.
ვფიქრობ, იდენტობის შენარჩუნების საკითხში სომხეთსაც აქვს ბრალი, წილი პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ, მარნეულის რაიონში მცხოვრები სომხების მიმართ, ჯავახებისგან განსხვავებით, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებებს რეგულარულად მართავენ და ისინი იდენტობის შენარჩუნებაში ეხმარებიან, გულგრილად არიან განწყობილი.
კარინა, წალკის რაიონის სოფელი გზქილი.
მართალია წალკის რაიონში სომხური სათვისტომო საკმაოდ აქტიურია, მაგრამ არის პრობლემები, რომლებსაც თემი უგულებელყოფს. მაგალითად, რეგიონის ბევრ სოფელში არ არის სომხური ენის სახელმძღვანელოები, მაგრამ თემი უმოქმედოდ არის და პრობლემა მძაფრდება.
ერიკი, მარნეულის რაიონის სოფელი კიროვკა.
მარნეულის რეგიონის სომხური თემი საკმაოდ პასიურია, რაც უარყოფითად აისახება თემში მშობლიური ენის სწავლებაზე. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ბევრი მუშაობაა საჭირო.
JNEWS: რას ფიქრობთ საქართველოს პოლიტიკაზე ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით?
ედიკი, მარნეულის რაიონის სოფელი შაუმიანი.
საქართველო პოზიტიური მიმართულებას ირჩევს და თავისუფალი არჩევნის საშუალებას ტოვებს. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დადასტურება 2009 წლიდან უნივერსიტეტში შეღავათიანი წესით მიღება და “1 + 4” პროგრამაა.
კარინა, წალკის რაიონის სოფელი გზქილი.
ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დისკრიმინაციის შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი, დაცულია ეროვნული უმცირესობების უფლებებიც.
ერიკი, მარნეულის რაიონის სოფელი კიროვკა.
საქართველოში უმცირესობებს, განურჩევლად სარწმუნოებისა და ეროვნებისა, ქართველების თანასწორი უფლებები აქვთ, რაც საქართველოს პოზიტიურ საშინაო პოლიტიკაზე მიუთითებს.
გრიშა მკრტჩიანი