ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის მცხოვრებნი მეცხოველეობას მისდევენ. სოფელში ბევრი პრობლემაა, სახელმწიფო დახმარების მიღების იმედი აღარ აქვთ და ყოველი მათგანი თავად ცდილობს საკუთარი პრობლემის მოგვარებას.
სოფელი ყულალისი გეოგრაფიულად ახალქალაქთან უფრო ახლოს მდებარეობს, ვიდრე ნინოწმინდა, ამ მიზეზით, სოფლის მოსახლეობა ახალქალაქის მაღაზიებითა და ბაზრით უფრო სარგებლობენ ვიდრე ნინოწმინდის. ბავშვებსაც კი ახალქალაქის ბაღებში ატარებენ.
სოფელი ყულალისი ჩვეულებრივი სოფელია, თავისი ჩვეული პრობლემებით, სოფლის ცხოვრებით და 110 ფერმით. მოღრუბლული დღე იყო. სოფლის ცენტრში, ეგრეთ წოდებულ იშაკმეიდანზე, ხალხი შეკრებილიყო. გაგვიმართლა, რადგან ამ სეზონზე რთულია სოფელში ხალხის პოვნა, ყველა დაკავებულია. ახლა არის თივის აღების და მორწყვის სეზონი, შემდეგ დაიწყება მარცვლეულის მოსავალი.
სერჟიკ ნალბანდიანი ამბობს, რომ წლეულს საბავშვო ბაღის აშენებას და სოფლის გზის გარემონტებას დაჰპირდნენ, მაგრამ არც ერთი და, არც მეორე არ გაუკეთებიათ.
“შვილიშვილები ახალქალაქის ბაღში დაგვყავს, ძნელია. მეზობელ სოფლებში არის საბავშვო ბაღები და მხოლოდ ჩვენთან არა. გაზაფხულზე გვითხრეს, თითქოს 80 000 ლარი არის გამოყოფილი ბაღის მშენებლობისთვის. გვპირდებიან, მაგრამ არაფერს აკეთებენ”, – ამბობს სერჟიკ ნალბანდიანი.
მისივე თქმით, სოფელში 30-დან 35 ბავშვი სკოლამდელი ასაკისაა.
სამუშაოებზე სოფლიდან ერთეულები მიდიან. აქაურები ძირითადად მესაქონლეობითა და მიწათმოქმედებით არიან დაკავებულნი. სოფლის მოსახლეობას თივის ფასიც აწუხებს.
“სოფელში ვცხოვრობ, მაგრამ სამი ძროხის შენახვა არ შემიძლია. წარმოგიდგენიათ? ერთი შეკვრა თივა 10 ლარი ღირს, იძულებული ვარ ერთი ძროხა გავყიდო, თივა რომ მეყოს. ყველაფერი გაძვირდა, ჩვენი პროდუქტების გარდა. სახელმწიფო არ გვეხმარება. კარგია, რომ რძის გაყიდვა შეგვიძლია, მართალია იაფად, მაგრამ ამის ხარჯზე ვარსებობთ”, – წუხს სოფლის მცხოვრები.
მათივე თქმით, ყველაფერი ძვირდება კარტოფილის, რძისა და ყველის გარდა.
“ჩვენი კარტოფილი 20 თეთრად წაიღეს, ბაზარში კი ვაშლი 10 ლარი ღირს, იყიდეს ერთ ლარად. არავინ ამბობს, რამდენი პროცენტი შეიძლება დაამატო, ჩვენი კარტოფილის კი, ისე აკეთებენ, რომ გაყიდვა არ შეგვიძლია”, – ამბობს სამსონ პეტროსიანი.
სოფელში ბუნებრივი აირია შეყვანილი, არის დასალევი წყალიც, მართალია ზაფხულში იყო პრობლემები, მაგრამ სოფლის მოსახლეობა ამას გაგებით ეკიდება. სარწყავი წყლები არ აქვთ.
არმენ ხაჩატურიანის თქმით, 5 წლის წინ სურდათ სარწყავი წყლის შეყვანა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში.
“გვითხრეს პროგრამა გვაქვს, ამ პროგრამით სარწყავ წყალს სოფლამდე მოვიყვანთ, მაგრამ პროგრამით გამოყოფილი ფული სხვა რამეზე დახარჯეს. რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, არაფერია გაკეთებული. ამბობენ, მაგრამ არ აკეთებენ”, – ამბობს არმენ ხაჩატრიანი.
არმენ ხაჩატრიანს 5 ძროხა ჰყავს, თივას სოფელში ყიდულობს. მიაჩნია, რომ ტყუილად შრომობს, ძროხის შენახვა მომგებიანი არ არის.
“ერთ ძროხაზე 1000 ლარს ვხარჯავ და 1000 ლარის რძეს ვყიდი. არ შეგვიძლია რძეზე ფასის მომატება, ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, ყველი 12 ლარი ღირს, მეწარმემ რამდენად უნდა იყიდოს. მე არ ვაძლევ, სხვა ყიდის. სახელმწიფომ უნდა დაასუბსიდიროს“, – ამბობს არმენ ხაჩატრიანი.
სოფლის მოსახლეობის თქმით, ეს ვითარება რამდენი წელია გრძელდება, ისინი ცუდ 90-იან წლებში დაბრუნდნენ.
მოსახლეობას არც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის იმედი აქვთ, რომელიც მათ სოფელზე გადის და რომლის მშენებლობა მათგან მოშორებით მიმდინარეობს. მათი მოსაზრებით, პირიქით, რკინიგზის მშენებლობა დამატებით პრობლემებს ქმნის.
“ვერ დავიწუწუნებთ, ეს სახელმწიფო პროგრამაა, არაფრის გაკეთება შეგვიძლია. აიღეს ჩვენი კარგი, მოსავლიანი მიწები. საძოვრები და ახლა სოფლის მეურნეობის განვითარება არ შეგვიძლია. თივა არ არის, მიწები წაგვართვეს. დავუშვათ კომპენსაცია მოგვცეს, თუმცა ყველას არა, მაგრამ ვისაც მიწა არ ჰქონდა, იმათ რა ქნან. ახლახანს 50 საძოვარი წაიღეს, სარგებლობენ. ჩვენ კიდევ არ გვაქვს საძოვრები, იმისათვის, რომ თოვა დავთესოთ საქონლისთვის”, – ამბობს არმენ ხაჩატრიანი.
სოფელში არ არის ახალგაზრდების დასასვენებელი ადგილი,არის ერთი მინი სტადიონი, მაგრამ არტიომ მანველიანის თქმით, შემოღობილია, შიგნით არაფერი არ არის და მიწა ხრიოკდება, არაფრით არის დაფარული.
“სოფლის მზარდაჭერის პროგრამიდან” გამოყოფილ 16 000 ლარი სოფლის გარე განათების სისტემის მოწყობაზე დაიხარჯება. სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.