ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოში ახალგაზრდებს ცენტრის გახსნა სურთ, რათა სოფლის ახალგაზრდებმაც მიიღონ არაფორმალური განათლება, ჰქონდეთ გასართობი სივრცე. დარწმუნებულები არიან, რომ ახალგაზრდული ცენტრის არსებობის შემთხვევაში, პრობლემებზე საუბარს, გადაჭრის გზების პოვნასა და სოფლის განვითარებას შეძლებენ.
ნინა პაპიკიანი კოჩიოს ახალგაზრდობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია. მე-12 კლასის მოსწავლეა და გადაწყვიტა უმაღლესი განათლება თბილისში მიიღოს. სხვადასხვა პროგრამაში მოხალისეც არის.
„სოფელში ახალგაზრდების უმეტესობა ახალგაზრდულ ცენტრზე ოცნებობს. ძალიან აქტიურები არიან, ვებინარებსა და სემინარებს აწყობენ და მონაწილეობენ. დისკუსიებსა და საინტერესო თემებზე საინფორმაციო შეხვედრებს ხშირად ვმართავთ. გვინდა 15-20 კაციანი პატარა ცენტრი გვქონდეს, სადაც ბიბლიოთეკა და სხვა აღჭურვილობაც იქნება“, – განმარტავს ნინი.
კოჩიოში ახალგაზრდების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ტრანსპორტია – სოფლიდან ქალაქში ჩასლას ვერ ახერხებენ. რაია ბალასანიანი აღნიშნავს: „სოფლიდან ახალქალაქამდე ტრანსპორტი არ არის და არც შესაძლებლობაა ახალქალაქში გახსნილ კურსებში მიიღო მონაწილეობა. ცენტრის არსებობით გამარტივდება როგორც ახალგაზრდების, ასევე მშობლების მუშაობას და უპირატესობების შესაბამისად მიიღებენ კურსებში მონაწილეობას“.
ახალგაზრდები ცდილობენ მოიძიონ პროექტები, რომლითაც ამ პრობლემის მოგვარებას და ახალგაზრდული ცენტრის შექმნას შეძლებენ.
„როგორც აქტიური ახალგაზრდა, ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავარ. ცენტრი რომ გვქონდეს, სოფელში არც ერთი ბავშვის ნიჭი არ დაიკარგებოდა და ახალ და მრავალფეროვან უნარებს ყველა შეიძენდა“, – აცხადებს რაია.
კოჩიოში ახალგაზრდები დარწმუნებულები არიან, რომ ახალგაზრდული ცენტრის არსებობა მათ საქმიანობას გაამარტივებს და სოფლის განვითარებისთვის დიდი ენთუზიაზმით იმუშავებენ.