ნადირობის სეზონი 28 აგვისტოს გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველი ვალდებულია:

„ნადირობამდე გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი);

გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში, თან იქონიოს ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით;

ნადირობისას, თან იქონიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.

მოქალაქეებმა, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვრცლად ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალის, ნადირობის ვადებისა და დღიური ლიმიტების, ასევე, მოსაკრებლის გადახდისთვის განმარტების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.